რომან გოცირიძე - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, ეს არის „რუსთავი 2“-ის ეტაპობრივი გაჩერების გეგმა
რომან გოცირიძე - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, ეს არის „რუსთავი 2“-ის ეტაპობრივი გაჩერების გეგმა

რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, ეს არის „რუსთავი 2“-ის ეტაპობრივი გაჩერების გეგმა, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.

რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ  არსებობს ორი ვერსია, თუ როგორ განვითარდება პროცესები.

„ორი თვეც კი ვერ შენიღბეს თავიანთი რეალური მიზანი. რეალური მიზანი არის „რუსთავი 2“- ის გაჩერება. შვიდი წლის განმავლობაში „რუსთავი 2“ მუშაობდა და აშუქებდა ქვეყნის მთავარ საქმეებს და შვიდი კვირის განმავლობაში ვერ შეინახეს?! მათ არ სჭირდებათ მუშა „რუსთავი 2“, მათ სჭირდებათ გაჩერებული „რუსთავი 2“. ახლა აცხადებენ გაკოტრების რეჟიმს, თუმცა გაუგებარია, ქიბარი აცხადებს გაკოტრების რეჟიმში უნდა გადავიდეთო, სალია ამბობს არა არ გავაკოტრებთ, ვინმე კარგ მყიდველს მოვძებნითო. ვინ იქნება მისი მყიდველი, გასაგებია. საბოლოო ჯამში, ამას იყიდის ვინმეს მეშვეობით ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატი მიიჩნევს, რომ მეორე ვერსიის თანახმად, ტელეკომპანიას იყიდის ის, ვისაც აქვს მთავრობასთან კავშირი.

„ან არის მეორე, უფრო რეალური ვერსია. დროთა განმავლობაში „რუსთავი 2“ დაიხურება, ქიბარ ხალვაში გამოიტანს ქონებას გასაყიდად. 25 700 კვადრატული მეტრია მხოლოდ მიწა საბურთალოზე უმაღლესი დონის სამშენებლო ტერიტორია, თავი რომ დავანებოთ სხვა აქტივებს, ტექნიკას და ასე შემდეგ. „რუსთავი 2“-ის ერთი იმდენი არის ბრენდი, ვინაიდან არხის სახელი უფრო მეტი ღირს, ვიდრე მიწა და ის ქონებაა. მაგრამ ამათ არ აქვთ არც მისი შენარჩუნების თავი და არც „რუსთავი 2“-ის მუშაობის გაგრძელების სურვილი. ყველაფერი დაგეგმილი იყო ამისათვის, რომ რუსთავი გაჩერებულიყო და დღეს რასაც ვხედავთ, ეს არის სამარცხვინო სურათი. ვინ იყიდის დღეს „რუსთავი 2“-ს ამნაირ ვითარებაში. იყიდის ის, ვისაც აქვს მთავრობასთან კავშირი და ვინც ამ ყადაღებისა და რეპრესიების გამო წარმოქმნილ საბიუჯეტო ვალებს ჩამოწერს. ბიუჯეტის ვალის ჩამოწერის გარეშე „რუსთავი 2“ – ის ყიდვას არავითარი აზრი არ აქვს. ვალები შექმნა ამ ხელისუფლების მიერ ყადაღებმა, შეზღუდვებმა და სხვა სახის ძალადობამ. მთლიანობაში, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, ეს არის „რუსთავი 2“-ის ეტაპობრივი გაჩერების გეგმა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.