რომან გოცირიძე - რაც უფრო მეტ სულელურ არგუმენტს მოიყვანს ოპოზიცია, მით უფრო მეტად იფუჭებს რეპუტაციას, ხარისხიანი ტყუილის თქმასაც კვალიფიკაცია სჭირდება
რომან გოცირიძე - რაც უფრო მეტ სულელურ არგუმენტს მოიყვანს ოპოზიცია, მით უფრო მეტად იფუჭებს რეპუტაციას, ხარისხიანი ტყუილის თქმასაც კვალიფიკაცია სჭირდება

რაც უფრო მეტ სულელურ არგუმენტს მოიყვანს ოპოზიცია, მით უფრო მეტად იფუჭებს რეპუტაციას. როგორც წესი, ბევრი დემაგოგიური განცხადებები აღმოჩნდება, რომ ტყუილია, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ბოლო ორი მაგალითი: რიკოთზე მთა იმიტომ ჩამოშალეს, რომ მიტინგზე ხალხი არ ჩამოსულიყოო. არის ვინმე საქართველოში ისეთი ბრიყვი, რომ ეს დაიჯეროს? ვთქვათ დაიჯერა. ორ დღეში ხომ გამოჩნდება, რომ ამ მოვლენას აქციასთან არანაირი კავშირი ჰქონდა? სწორი პრეტენზია იქნებოდა უხარისხო მშენებლობაზე და სისტემაში არსებულ კორუფციაზე ყოფილიყო საუბარი.

ახლა კანცელარიის წინ სკვერის მშენებლობა ამოიღეს სამიზნედ. აჭრელდა ფეისბუკი, აქციის ეშინიათო. რაც აქ აქცია მინახავს, მუდამ პრობლემა იყო ამ მცირე ფართობის ტერიტორიის შევსება.

ყოველთვის, როცა ამ ბეტონის მოედანზე მიტინგზე მოვიდოდი, მუდამ ერთი აზრი მიტრიალებდა – რა ფუნქცია აქვს ამ სივრცეს, რატომ არ იყენებენ ავტოსადგომად ან რატომ არ დგამენ სკამებს, რომ ახლო-მახლო მცხოვრებლებმა თუნდაც ბავშვები გამოასეირნონ ეტლებით? ახლა სკვერი თუ კეთდება, რა არის ცუდი? სამიტინგო სივრცე მანდაც გამოიძებნება, ცოტა ქვემოთ, შადრევანთან.

ასე იძახდნენ პარლამენტის წინ სკვერის მსგავსი სიმახინჯის მოწყობისას – იმიტომ აკეთებენ, რომ მიტინგები არ ჩატარდესო. თუნდაც მშენებლობის პროცესში ხომ ხდებოდა რუსთაველის გადაკეტვა, ვინმემ დაგვიშალა? მსგავსი განცხადებები ოპოზიციას უკარგავს ნდობას. საკრიტიკებელი იმდენი აქვს ამ ანტიქართულ რეჟიმს, რომ შორს წასვლა არ გვჭირდება.

ხარისხიანი ტყუილის თქმასაც კვალიფიკაცია სჭირდება“, – წერს რომან გოცირიძე.