რომან გოცირიძე - ქვეყანაში სიმშვიდისა და წესრიგის დამყარება ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ვალდებულია, ფიზიკური ძალადობა აკრძალოს
რომან გოცირიძე - ქვეყანაში სიმშვიდისა და წესრიგის დამყარება ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ვალდებულია, ფიზიკური ძალადობა აკრძალოს

ქვეყანაში სიმშვიდისა და წესრიგის დამყარება ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ვალდებულია, ფიზიკური ძალადობა აკრძალოს, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძის თქმით, ქართველი ხალხი გაყალბებულ არჩევნებს არ აღიარებს.

„ეს ყველაფერი ერთხელ გვინახავს, სიახლე არაფერია. წინა არჩევნებზე მარნეული და კორცხელი გაიხსენეთ. რაიმე სიახლეა ამაში? ერთი და იმავე სცენარი არსებობს. ხელისუფლება ასე იწყებს ძალადობით, რომლის მთავარი მიზანია, იმ მოქალაქეების დაშინება, ვინც შესაძლოა, ხელისუფლებას მხარს არ უჭერდეს. მეორე ეტაპია მოსყიდვა და ეს ყველაფერი შემდეგ მთავრდება საარჩევნო უბნებთან კრიმინალური ელემენტების დაყენებით საარჩევნო დღეს. ჩვენი თხოვნის მიუხედავად, რატომ არ მიიღეს 25 მეტრიანი რადიუსის ნორმა ზონდერების შეზღუდვის თაობაზე? არ მიიღეს მსგავსი ნორმა, რადგან თურმე, 25 მეტრიან დისტანციაზე ავტობუსის გაჩერებაზე პატიოსანი მოქალაქეების დგომას ხელს შეუშლის. 25 მეტრიც კი არ დათმეს, ეს არის სცენარი, რომელიც უნდა დაგვირგვინდეს არჩევნების გაყალბებით, რასაც ხელისუფლებას არავინ აპატიებს. ქართველი ხალხი გაყალბებულ არჩევნებს არ აღიარებს. გაყალბებული არჩევნები რას ნიშნავს, ხელისუფლებამ ბელარუსს შეხედოს. ქვეყანაში სიმშვიდისა და წესრიგის დამყარება ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ვალდებულია, ფიზიკური ძალადობა აკრძალოს. ვინმე დაიჭირეს? გგონიათ, გუშინდელი ინციდენტის მონაწილეები დაისჯებიან? პირიქით, მათი წახალისება ხდება. ჟურნალისტი სასტიკად იქნა ნაცემი. თურმე, ეს ინციდენტი იმიტომ მოხდა, რომ ეს ადამიანი ნასვამი ყოფილა“, – განაცხადა გოცირიძემ.