რომან გოცირიძე - „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო პარტნიორები მოატყუა, ჩვენ ჩვენი სიტყვის ერთგულნი ვიყავით
რომან გოცირიძე - „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო პარტნიორები მოატყუა, ჩვენ ჩვენი სიტყვის ერთგულნი ვიყავით

„ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო პარტნიორები მოატყუა. ჩვენ ჩვენი სიტყვის ერთგული ვიყავით, გუშინ, პლენარულ სხდომაზე მოვედით და საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა მივეცით, რაც საჭირო იყო ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარტნიორი ქვეყნების გამოხმაურება ადასტურებს იმას, რომ ამ ხელისუფლების ნდობა არ შეიძლება.

„გენერალური პროკურორის მაღალი კვორუმით არჩევა მხარდაჭერილი იყო საერთაშორისო პარტნიორების მიერ და როცა „ქართული ოცნება“ პირობას არღვევს, ეს ნიშნავს, რომ მისთვის მთავარია ნებისმიერი ხერხით ძალაუფლების შენარჩუნება და არა ქვეყნის განვითარება. პარტნიორი ქვეყნების გამოხმაურება ადასტურებს იმას, რომ ამ ხელისუფლების ნდობა არ შეიძლება და ქვეყნის ფინანსური დახმარება დამოკიდებული იქნება რეფორმებზე. 75 მილიონი ევროს საკითხზე ხაზგასმა მოხდა და ამით ქვეყანა დაისაჯა, ფაქტობრივად, ეს არის ევროკავშირის სანქცია. ხელისუფლების გადაწყვეტილებებით უკიდურესად შელახულია საქართველოს რეპუტაცია, რაც ქვეყნის მიმართ ნდობის დაკარგვას ნიშნავს, მათ შორის ინვესტორების მხრიდან. უცხოური ინვესტიციები 11 პროცენტით შემცირდა შარშანდელთან შედარებით, ქვეყანა კარგავს ნდობას და ეს ნიშნავს მეტ სიღარიბეს“, – განაცხადა გოცირიძემ.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, კონსტიტუციური პროექტიდან ამოღებულია ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ კვალიფიციურმა უმრავლესობამ უნდა აირჩიოს სამი ეტაპის შედეგად გენერალური პროკურორი. ძალაში დარჩება მოქმედი ნორმა, რომლის გათვალისწინებითაც, გენერალურ პროკურორს პარლამენტი ირჩევს ექვსი წლის ვადით, 76 დეპუტატის მიერ. ცვლილება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება. ახალი ნორმები დროებითი ხასიათის იქნება და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა. „პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება, რომელიც მიზნად ისახავდა მთავარი პროკურორის დანიშვნისთვის ფართო, მრავალპარტიულ მხარდაჭერას, კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობაა, საქართველოს ჰქონდეს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

ამასთან, განცხადება გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის ეჩმა, კარლ ჰარცელმა.  „ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ დღეს მმართველმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ვალდებულებას“, – აღნიშნავს კარლ ჰარცელი.