რომან გოცირიძე - რა უნდა სპორტსმენს მზეში, ანუ აქ, პარლამენტში, კამერების წინ, რომლებიც მზესავით ანათებენ
რომან გოცირიძე - რა უნდა სპორტსმენს მზეში, ანუ აქ, პარლამენტში, კამერების წინ, რომლებიც მზესავით ანათებენ

ვინმეს თუ უნდა, წარმოიდგინოს წარუმატებლობის ფორმულა ადამიანური სახეებით, ეს იყო ის, რაც დღეს ვიხილეთ, –  ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“  ფრაქციის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძე, „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას.

„ეს ხომ ის ხალხია, რომლებმაც რვა წლის განმავლობაში არაფერი გააკეთა. ეს არის „ქართული ოცნების” სახე, რომლის მთავარი მახასიათებელია ერთი რამ – უსიტყვო მორჩილება ბატონისადმი. თუ გინდა, რაიმეს მიაღწიო „ქართული ოცნების” კარზე, უნდა იყო უსიტყვოდ მირჩილი. არ იქნები მირჩილი, გაიზიარებ იმ ადამიანების ბედს, რომლებიც გაყარეს „ქართული ოცნებიდან“. ამ შემადგენლობაში მორჩილების ხარისხი უკვე ცაშია ასული. ეს არ არის ის გუნდი, რომელიც რაიმე სასიკეთო ნაბიჯს გადადგამს ქვეყნისთვის. არ ჰყოფნით ცოდნა, კომპეტენცია და არ არიან დამოუკიდებლები. ერთი ადამიანის მორჩილი გუნდით შეუძლებელია ქვეყანამ დაძლიოს ის უმძიმესი პრობლემები, რაც ამ რვა წლის განმავლობაში შეიქმნა. ამ გუნდს შეუძლია ამ უმძიმესი კრიზისიდან ქვეყნის ამოყვანა?! ვინმეს სჯერა, რომ მათ აქვთ აზრები, იდები, და ხედვები?! ან მათ შესწევთ ორგანიზებული გუნდის შეკვრის და პრობლემების გადაჭრის უნარი?!“, – განაცხადა გოცირიძემ.

ამასთან, რომან გოცირიძე ვარაუდობს, რომ ამბოხებული დეპუტატები „ოცნების” საარჩევნო სიაში გამოჩნდენიან.

„ქართულმა ოცნებამ” ეშმაკური ხერხი გამოიყენა. სიას მერე წარადგენენ. წარმოიდგინეთ სიას დამატებული ესენი, საერთოდ კატასტროფა იქნებიან. რა ტრადიციაა, როდესაც ნაკრებში მყოფი სპორტსმენები დღეს ბუტაფორიებად იქცევიან. სპორტსმენი მესმის გუნდში. როგორც გურამ დიჩანაშვილი ამბობდა: კარგია წიგნის კითხვა, ოღონდ  – ჩრდილში. რა უნდა სპორტსმენს მზეში, ანუ აქ, პარლამენტში, თქვენი კამერების წინ, რომლებიც მზესავით ანათებენ. ეს იყო შინაარსობრივად და ვიზუალურადაც მოსაწენი სანახაობა, რამაც ალბათ მთელი ქვეყანა ჩააფიქრა. დროა, წახვიდეთ. დღევანდელი პრეზენტაცია ძალიან უღიმღამო იყო. პანაშვიდს უფრო ჰგავდა, ვიდრე საზეიმო, საბრძოლო განწყობას“, – განაცხადა გოცირიძემ.

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დღეს წარადგინა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ახალი სისტემით გაიმართება. 120 დეპუტატი პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული წესით აირჩევა.