რომან გოცირიძე - პროკურატურის განცხადება, რომ წერილზე გახარიას თითის ანაბეჭდი არ არის, მისი დანაშაულის გამართლების უნიჭო მცდელობაა
რომან გოცირიძე - პროკურატურის განცხადება, რომ წერილზე გახარიას თითის ანაბეჭდი არ არის, მისი დანაშაულის გამართლების უნიჭო მცდელობაა

პროკურატურის განცხადება, რომ წერილზე გახარიას თითის ანაბეჭდი არ არის, მისი დანაშაულის გამართლების უნიჭო მცდელობაა. წერილზე 20-მდე ანაბეჭდია, იქნებ თანაშემწისაა, იქნებ მოადგილისაა, იქნებ შუამავლისაა, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ მამუკა ხაზარაძის მიერ წარდგენილ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, წერილზე თითის ანაბეჭდის არარსებობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ეს დანაშაული არ ჩაუდენია.

„ეს წინასაარჩევნო უნიჭო სპექტაკლია. უნდათ, გახარია გაამართლონ. 20-მდე ანაბეჭდია, იქნებ თანაშემწისაა, იქნებ მოადგილისაა, იქნებ შუამავლისაა. პოლიტიკური დევნა ამ წერილის შემდეგ დაიწყო და ყოველდღე სასამართლოში დაატარებდნენ არამარტო ავთო წერეთელს, ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს, არამედ ტელევიზიის დამფუძნებლებს. ახლა საერთაშორისო ზეწოლით დროებით არის შეჩერებული და ესეც წინასაარჩევნო ფანდია, ვითომ მოსამართლემ გადაწყვიტა პროცესების შეჩერება. ეს არის პოლიტიკური დევნის შემადგენელი ნაწილი, რომ არაფერი ვთქვათ ანაკლიის პორტის განადგურების მცდელობის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაზე. არჩევნების შემდეგ ეს საკითხი გამოძიებული იქნება ობიექტურად და ყველაფერი დამტიცდება.

მხოლოდ თითის ანაბეჭდებით არ მტკიცდება ესა თუ ის დანაშაული და თითის ანაბეჭდების არარსებობა, ასეც რომ იყოს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გახარიას მიერ ეს დანაშაული არ იქნა ჩადენილი. შს მინისტრი მსგავს წერილს უგზავნის ერთ-ერთი დიდი ფინანსური ინსტიტუტის ხელმძღვანელს – ეს იმას ნიშნავს, რომ მათ წინასაარჩევნოდ ყველა ბერკეტის გამოყენება სურთ, მათ შორის ბიზნესზე ზეწოლის სახით.

პროკურატურა წინასაარჩევნოდ რაღაც გამამართლებელ ხრიკებს აკეთებს. ამას ვინ ენდობა და ვინ დაიჯერებს?! არ არსებობს ერთი ადამიანი, ვისაც ამაზე არ გაეცინება. რა დანაშაულიც ხელისუფლებამ ჩაიდინა, თუნდაც „თიბისი ბანკის“ დევნის სახით, სხვა მრავალი არგუმენტით მტკიცდება. პროკურატურის განცხადება, რომ წერილზე გახარიას თითის ანაბეჭდი არ არის, მისი დანაშაულის გამართლების უნიჭო მცდელობაა“, – განაცხადა გოცირიძემ.

მამუკა ხაზარაძემ 2019 წლის 4 მარტს, პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მუქარის წერილი გაუგზავნა.

პროკურატურამ გუშინ გაავრცელა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო იძულების ფაქტზე დანიშნული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა. სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით, მამუკა ხაზარაძის წერილზე არსებული თითის ანაბეჭდები არ ეკუთვნის გიორგი გახარიას.