რომან გოცირიძე - პრეზიდენტის მოხსენება იქნება მისი წარუმატებელი ნაბიჯების აღწერა
რომან გოცირიძე - პრეზიდენტის მოხსენება იქნება მისი წარუმატებელი ნაბიჯების აღწერა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წლიური მოხსენების წარდგენა მშვიდ ვითარებაში არ ჩაივლის. როგორც ჟურნალისტებს რომან გოცირიძემ განუცხადა, ოპოზიცია განსაზღვრავს, პროტესტის რა ფორმა იქნება გამოყენებული.

„პრეზიდენტის მოხსენება იქნება მისი წარუმატებელი ნაბიჯების აღწერა, რადგან მისი ყველა გადაადგილება უცხოეთში, თუ ქვეყნის შიგნით სკანდალით მთავრდებოდა და ქვეყანას რეპუტაციას ულახავდა“, – განაცხადა გოცირიძემ.

პრეზიდენტის რანგში, სალომე ზურაბიშვილს პარლამენტისთვის რიგით მეორე წლიური ანგარიშის წარდგენა საგაზაფხულო სესიაზე მოუწევს. რეგლამენტის თანახმად, როგორც წესი, პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს ისმენს.

სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რანგში პარლამენტს პირველი ანგარიში გასული წლის 6 მარტს წარუდგინა. პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის გამოსვლას პროტესტის ნიშნად „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები არ დაესწრნენ.