რომან გოცირიძე - პრემიერთან მთავარი კითხვა იქნება, რატომ გააღარიბეს ქვეყნის ეკონომიკა
რომან გოცირიძე - პრემიერთან მთავარი კითხვა იქნება, რატომ გააღარიბეს ქვეყნის ეკონომიკა

მთავარი კითხვა იქნება, თუ რატომ გააღარიბეს ქვეყნის ეკონომიკა. ამდენი ვალი აიღეს და საქართველო რეგიონში 23 ქვეყნიდან ეკონომიკური ზრდით მე-17 ადგილზეა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მისვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

დეპუტატის თქმით, „საქართველოზე უარესი მდგომარეობა აქვს ნახევრად აღიარებულ კოსოვოს და ომგადატანილ სომხეთს“.

„ეს მაშინ, როცა გატარებული ზომები არც პანდემიას წაადგა, ხუთი ათასი ადამიანი კორონავირუსის შედეგად დაიღუპა და დღემდე უამრავი ადამიანი შიმშილობს. თავის დაძვრენის ერთ-ერთი ხერხი იქნება, რომ მთავრობა იტყვის – მაშინ, პრემიერი გახარია იყოო და ვინ დანიშნა? საბჭოთა კავშირის დროს, დინამო სტადიონზე წესიერი გულშემატკივარი ცუდად მოთამაშე ფეხბურთელს იცით როგორ აგინებდა? – პირდაპირ აგინებდა, ვინც შენ ძირითადში ჩაგსვა, იმის ასე და ისეო. ვინ ჩასვა გახარია და ღარიბაშვილი ძირითადში, ის კრიტიკას ვერ აიცილებს. ეს არის ივანიშვილის გუნდი. 2020 წლის წარუმატებლობა ვერავის გადაბრალდება, ამაში დამნაშავე „ქართული ოცნება“ და მისი მთავარი მწვრთნელია“, – განაცხადა გოცირიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს წლიურ ანგარიშს 25 ივნისს წარუდგენს.

დატოვე კომენტარი