რომან გოცირიძე - პრემიერმა უნდა განმარტოს, რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვაში ხომ არ იგულისხმება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა
რომან გოცირიძე - პრემიერმა უნდა განმარტოს, რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვაში ხომ არ იგულისხმება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უნდა განმარტოს, რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვაში ხომ არ იგულისხმება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, რაც, ფაქტობრივად, ანექსიის აღიარება და რუსეთის წინაშე კაპიტულაცია იქნება, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე გიორგი კვირიკაშვილის რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვას.

გოცირიძე მიიჩნევს, რომ პრემიერის განცხადება ორაზროვანია.

„პრემიერის ეს განცხადება არის ორაზროვანი. რა თქმა უნდა, ჟენევის ფორმატში ურთიერთობები გასააქტიურებელია, ფაქტობრივად, რუსეთის მიერ არის ეს ფორმატი ჩაშლილი, მასში მონაწილეობს არა მხოლოდ საქართველო, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობა და ამ ფორმატში საუბარი აუცილებელია, მაგრამ აქ ისმის ნოტები რაღაც სხვა მიმართულებითაც და თუ ამაში იგულისხმება შემდგომი ნაბიჯების გადადგმა და მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, ეს არის დაუშვებელი და, ფაქტობრივად, ეს არის კაპიტულაცია საქართველოს მხრიდან. ამიტომ პრემიერ-მინისტრმა უნდა განმარტოს უფრო დეტალურად, რა იგულისხმება მის ამ მიმართვაში, როდესაც სადღაც ირიბად, იგივე დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არის ნახსენები. ასე რომ ეს განცხადება არ გვაძლევს ნათელ სურათს, რა იმალება ამ განცხადების მიღმა.

ჟენევის მოლაპარაკებაში პრემიერ-მინისტრის ჩართვა იქნება შეუძლებელი, თუ ძალიან მაღალი თანამდებობის პირი არ იქნება ჩართული რუსეთიდან და რაც თავისთავად ბადებს ეჭვს შემდგომი ნაბიჯის შესახებ და სწორედ ეს უნდა დაადასტუროს პრემიერ-მინისტრმა, ხომ არ იგულისხმება უფრო მეტი, ხომ არ ფიქრობენ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე, რაც ფაქტობრივად, იქნება ანექსიის აღიარება და რეალურად, იქნება კაპიტულაცია რუსეთის წინაშე“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას მიმართავს, რთული ვითარების დასაძლევად ერთობლივი ნაბიჯები გადაიდგას.