რომან გოცირიძე - პარტია, რომელიც მსხვილ ოპოზიციურ ბლოკში არ გაერთიანდება, იქნება უპასუხისმგებლო ან ძალიან დიდ ილუზიებში, რომ ცალკე 5-პროცენტიან ბარიერს გადალახავს
რომან გოცირიძე - პარტია, რომელიც მსხვილ ოპოზიციურ ბლოკში არ გაერთიანდება, იქნება უპასუხისმგებლო ან ძალიან დიდ ილუზიებში, რომ ცალკე 5-პროცენტიან ბარიერს გადალახავს

პარტია, რომელიც საპარლამენტო არჩევნებისთვის მსხვილ ოპოზიციურ ბლოკში არ გაერთიანდება, იქნება უპასუხისმგებლო ან ძალიან დიდ ილუზიებში, რომ ცალკე 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შანსი აქვს, ან არჩევნებში უბრალოდ მონაწილეობას მიიღებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც პარტიებმა, ასევე უპარტიო პოლიტიკოსებმა, ყველამ სადღაც უნდა იპოვოს ადგილი.

„ყველამ უნდა შექმნას დიდი ანტისახელისუფლებო მოძრაობა. რა თქმა უნდა, არ იქნება ერთი ან ორი მოძრაობა, ეს იქნება რამდენიმე ბლოკი, სადაც მსგავსი პოლიტიკური ორგანიზაციები თავს იპოვიან. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მას არავის დახმარება არ სჭირდება, რადგან ისედაც გადალახავს ბარიერს, მაგრამ თუ მათ ჩათვალეს, რომ ამ ტიპის კოალიცია კიდევ უფრო გააძლიერებთ, ეს მათი გადასაწყვეტია. როგორც ირკვევა, მაინცდამაინც დიდ გაფართოებას არ აპირებენ. საზოგადოება დღეს მძლავრი კოალიციური ოპოზიციური ბლოკის მოლოდინშია, რადგან „ქართული ოცნებისთვის“ რეალური კონკურენციის გაწევა მხოლოდ ამ ფორმით შეიძლება მოხდეს. ოპოზიცია დიდი კოალიციური გაერთიანებისთვის უნდა ემზადოს. პარტიას თუ ცალკე გასვლის სურვილი თუკი აქვს, რომელიც 5 პროცენტის ზღვარზეა, ისიც კი უზარმაზარ შეცდომას დაუშვებს. ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ დამარცხებისთვის ერთი ძალიან დიდი საარჩევნო ბლოკი იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი. „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ცალკე ჩამოყალიბდნენ და ეს პროცესი დამთავრდა. ალბათ ერთ დიდ ბლოკში ყველა დემოკრატიული პარტიისა და პოლიტიკური პირების გაერთიანება უნდა მოხდეს. შესაძლებელია ერთი არა და ორიც იყოს. რა თქმა უნდა, „ლელოც“ შეიძლება იყოს, „რესპუბლიკური პარტიაც“, „ევროპული საქართველოც“, „გირჩიც“ და მეორე „გირჩიც“. რა თქმა უნდა, დიდ კოალიციურ გაერთიანებაში უნდა იყოს ყველა დემოკრატიული პარტია და ყველა პოლიტიკოსი, რომელიც ამ ეტაპზე არიან უპარტიოები.

დიახ, მე ვიქნები იქ, სადაც იქნება დიდი პოლიტიკური გაერთიანება და ეს არ იქნება რომელიმე ერთი პოლიტიკური ცენტრის ირგვლივ გაერთიანება. ასეთი ფორმულირება აკნინებს ყოველთვის დიდი ოპოზიციური გაერთიანების შექმნას. „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, უნდა იყოს დიდი პოლიტიკური გაერთიანება, რომელშიც ვხედავ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს პარლამენტში არიან“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.