რომან გოცირიძე პარლამენტში ოპოზიციის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის ხელოვნურად და დაუსაბუთებლად შეფერხებაზე საუბრობს
რომან გოცირიძე პარლამენტში ოპოზიციის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის ხელოვნურად და დაუსაბუთებლად შეფერხებაზე საუბრობს

ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე პარლამენტში ოპოზიციის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის ხელოვნურად და დაუსაბუთებლად შეფერხებაზე საუბრობს და საკითხზე სპეციალური რეზოლუციის მიღებას ითხოვს.

როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე რომან გოცირიძემ განაცხადა, მეათე მოწვევის პარლამენტში ოპოზიციის მიერ წარდგენილი 81 კანონპროექტიდან 60 დღემდე არ განხილულა, საპარლამენტო ოპოზიციის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის გადავადება რიგ შემთხვევებში, 11-ჯერ და 12-ჯერაც კი მოხდა.

დეპუტატის თქმით, საკითხების „გაჭედვის“ მთავარი ინსტრუმენტი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტია და კანონპროექტების განხილვის შეფერხების ბერკეტად სწორედ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გამოყენება ხდება.

გოცირიძის განცხადებით, უმრავლესობა მათ კონსტიტუციითა და პარლმენტის რეგლამენტით მინიჭებული საკონტროლო უფლებამოსილებების გამოყენების შესაძლებლობას არ აძლევს, მათ შორის ბლოკავს საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობას.

გოცირიძის საპასუხოდ კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის რეგლამენტით ნათლად არის დარეგულირებული, თუ როგორ ხდება საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელება, მაგრამ მეორე საკითხია პრაქტიკა და საკითხის პოლიტიკურ მდგენელი.

მისი თქმით, ოპოზიციას საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვს, მაგრამ პოლიტიკური მიზანშეწონილების საკითხი დგება ხოლმე, როდესაც უმრავლესობა თვლის, რომ პრიორიტეტულია მისი კანონპროექტები და არა ოპოზიციის კანონპროექტი.

„რეგლამენტით საკითხები სწორად არის დარეგულირებული. ჩვენ საუბარი უნდა გვქონდეს უფრო მეტად პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევაზე და პრაქტიკის დანერგვაზე, რომ ოპოზიციის კანონპროექტების განხილვა გონივრულ ვადაში მიმდინარეობდეს. ის რომ ოპოზიციის საკანონმდებლო ინიციატივა უმრავლესობის მხრიდან არ დგას იმავე რეჟიმში, როგორც უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივა,  ესეც პოლიტიკის ნაწილია. ჩვენი პოზიცია არის ასეთი,  რომ ამ რეზოლუციის მიღებას აზრი არა აქვს იმ გაგებით, რომ რეგლამენტში საკითხები დარეგულირებულია. თვითონ ის რომ თქვენი წუხილია და გინდათ უფრო აქტიური იყოს თქვენნი საკანონმდებლო ინიციატივა განხილვის პროცესში, ეს წუხილი მიღებულია. ჩემი მხრიდან გაძლევთ რეკომენდაცია, რომ  უმრავლესობის წინაშე დავსვამ საკითხს, რომ კომიტეტბმა თქვენი საკითხები უფრო ინტენსიურად განიხილონ. პარლამენტის თავმჯდომარესაც ვთხოვ, რომ საკითხს მან გარკვეულად მეტი ყურადღება მიაქციოს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.