რომან გოცირიძე - პარლამენტი მთავრობას აძლევს უფლებას, შეზღუდოს გადაადგილება, დაკეტოს ეკონომიკის ყველა დარგი, ჩაკეტოს ადამიანები სახლებში, ჩაკეტოს ქალაქები და პარლამენტს არაფერი ჰკითხოს
რომან გოცირიძე - პარლამენტი მთავრობას აძლევს უფლებას, შეზღუდოს გადაადგილება, დაკეტოს ეკონომიკის ყველა დარგი, ჩაკეტოს ადამიანები სახლებში, ჩაკეტოს ქალაქები და პარლამენტს არაფერი ჰკითხოს

შეზღუდვები დაამტკიცა პარლამენტმა, ისინი ეფექტიანი იყო, ამის თაობაზე არ ვკამათობთ, ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრება, რომელმა შეზღუდვებმა გაამართლა და რომელმა არა, მაგრამ შეზღუდვები განხორციელდა კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტის დეკრეტით და ამ დეკრეტს პარლამენტმა მისცა თანხმობა, – ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომელზეც საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე იმსჯელეს. აღნიშნული ცვლილებებით, შემზღუდავი ღონისძიებების გატარება მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. რომან გოცირიძე აღნიშნულ ცვლილებებს ეწინააღმდეგება.

გოცირიძის თქმით, ზოგიერთი ცვლილება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. მისი თქმით, გასაკვირია, რომ პარლამენტი ფაქტობრივად ეთიშება ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი და ამავე დროს, ძალიან სარისკო გადაწყვეტილებების მიღებას.

„პარლამენტი ფაქტობრივად ფარ-ხმალს ყრის. დელეგირებას აკეთებს ისეთი უფლებებისა, რომელიც შეუძლებელია, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას ჰქონდეს ამ ზომით. ძალიან მარტივად რომ მოგახსენოთ, თქვენ საკარანტინო ღონისძიებებს, რომელიც ეხებოდა პიროვნებას, ერთ პერსონას და რომლის შეზღუდვა შესაძლებელი იყო ეპიდემიის ან მსგავსი მოვლენების დროს, ამ მუხლს დაუმატეთ ყველა შესაძლო შეზღუდვა, რაც კი დღეს მოქმედებს საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პირობებში და რომელიც განხორციელდა ან ხორციელდება კონსტიტუციით პარლამენტის ნებართვით. ფაქტობრივად, მთავრობას მიეცით უფლება, რომ შეზღუდოს გადაადგილება, დაკეტოს ეკონომიკის ყველა დარგი, ჩაკეტოს ადამიანები სახლებში, გააუქმოს კონსტიტუციური უფლება ადამიანებისა, თავშეყრის, გამოხატვის ყველა უფლება, ჩაკეტოს ქალაქები და ისე გააკეთოს, რომ პარლამენტს არც კი ჰკითხოს.

ყველა ეს ნორმა, უნდა ჩაიწეროს, რომ საჭიროებს პარლამენტთან შეთანხმებას. აქ წერია, რომ მთავრობას ვაძლევთ ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვისა. საკუთრების შეზღუდვის უფლებაც კი მივეცით მთავრობას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამასთან, მისი თქმით, ფაქტობრივად ეს არის მთავრობის ხელში სერიოზული იარაღი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს ბოროტად.

„თქვენ ხომ შეგიძლიათ, ამ კანონით დღეს იზოლირება გაუკეთოთ ნებისმიერ ქალაქს, მაგალითად, ავიღოთ ზუგდიდი. ზუგდიდში აღმოჩნდა დაავადების ერთი შემთხვევა, მერე იყო საუბარი, რომ ის თურმე ყოფილა პანაშვიდზე. მერე შეგიძლიათ, გააგრძელოთ დემაგოგიურად, რომ პანაშვიდზე 10 კაცი, რომელიც იყო მასთან შეხებაში, იმ დღეს იყო მეორე პანაშვიდზე და ადგებით, საარჩევნო პერიოდში ჩაკეტავთ ქალაქს. თავისუფლებას აუკრძალავთ თუნდაც იგივე პოლიტიკურ ოპოზიციას.

ეს არის თქვენი დიქტატორული კანონი მთავრობის ხელში ეს იქნება რეპრესიებისა და პოლიტიკური დევნისა და ადამიანის უფლებების შეზღუდვის ინსტრუმენტი. ამ კანონის მიღება არის დაუშვებელი. მივიღებთ უკონტროლო აღმასრულებელ ხელისუფლებას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

დატოვე კომენტარი