რომან გოცირიძე - ოპოზიციაში ყოველთვის ვიცით, რომ არჩევნებს არასდროს წავაგებთ, მაგრამ რამდენჯერაც ჩატარდა, წავაგეთ, ახლა მართლა არსებობს გამარჯვების შანსი, პირველ რიგში, საგარეო ფაქტორების გამო
რომან გოცირიძე - ოპოზიციაში ყოველთვის ვიცით, რომ არჩევნებს არასდროს წავაგებთ, მაგრამ რამდენჯერაც ჩატარდა, წავაგეთ, ახლა მართლა არსებობს გამარჯვების შანსი, პირველ რიგში, საგარეო ფაქტორების გამო

ოპოზიციაში ყოველთვის ვიცით, რომ არჩევნებს არასდროს წავაგებთ, მაგრამ რამდენჯერაც ჩატარდა, იმდენჯერაც წავაგეთ. ახლა მართლა არსებობს გამარჯვების რეალური შანსი, არა ოპოზიციის სიძლიერის, არამედ, პირველ რიგში, საგარეო ფაქტორების გამო, რომელმაც ხელისუფლების მოღალატე სახე გამოავლინა, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

გოცირიძის შეფასებით, კანდიდატის სტატუსი აძლიერებს ქვეყანას და ოპოზიციის წისქვილზეც ასხამს წყალს, ხოლო ვინც ამას ვერ ხვდება, საღი აზრისგან შორსაა.

„ორი კვირა დარჩა და სტატუსის საკითხიც გაირკვევა. ხელისუფლებამ როგორ არ დაინდო ქვეყანა ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესებიდან გამომდინარე, ეს კარგად გამოჩნდა. ოპოზიციის ის ნაწილი (საბედნიეროდ, უმცირესი), რომელიც ფიქრობს, რომ სტატუსის მიღება აძლიერებს „ოცნებას“ და სჯობია, ჯერ არჩევნები მოვიგოთ და სტატუსიც თავისით მოვა, არის უპასუხისმგებლო, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ. რომ წავაგოთ არჩევნები, უსტატუსო ქვეყანაში, რუსეთთან პირისპირ, 2028 წლამდე, რა მოვლენები განვითარდება, ვიცით? რა პროცესები შეიძლება განვითარდეს რეგიონში ამ პერიოდში, ვიცით? ერთი რამ ყოველთვის ვიცით ოპოზიციაში, რომ არჩევნებს არასდროს წავაგებთ, მაგრამ რამდენჯერაც ჩატარდა, იმდენჯერაც წავაგეთ. ახლა მართლა არსებობს რეალური შანსი გამარჯვების, არა ოპოზიციის სიძლიერის, არამედ, პირველ რიგში, საგარეო ფაქტორების გამო, რომელმაც გამოავლინა ხელისუფლების მოღალატე სახე. ამ შანსს გამოყენება უნდა და ოპოზიციის დღევანდელი მდგომარეობით იგი სულაც არ არის სახარბიელო. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აძლიერებს ქვეყანას და ოპოზიციის წისქვილზეც ასხამს წყალს. ვინც ამას ვერ ხვდება, ძალიან შორსაა საღი აზრისაგან ან რაღაც ვიწროტაქტიკურ ილუზიებშია ჩაფლული. ილუზიები ჩვენი საყვარელი სიამოვნებაა“, – წერს რომან გოცირიძე.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ გუშინ განაცხადა: „ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც სხვა გზავნილებით მიდიან პარტნიორებთან და ხელს უშლიან სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაში, ბოლო დღეებში ამის შესახებ მეტი ინფორმაცია მივიღეთ“. ამასთან, ხათუნა სამნიძემ მედიასთან საუბრისას დღეს განაცხადა, რომ პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც დახურულ კარს მიღმა პარტნიორებს ურჩევენ, საქართველომ სტატუსი არჩევნების შემდეგ მიიღოს, აზიანებენ მთლიანად ოპოზიციური ფლანგის გზავნილს, რომ ქვეყანას სტატუსი სჭირდება.