რომან გოცირიძე - ოპოზიცია ყველანაირ მიწისძვრას გაუძლებს
რომან გოცირიძე - ოპოზიცია ყველანაირ მიწისძვრას გაუძლებს

დაცვას რაც შეეხება, ერთ-ერთი პირველი ვთქვი სიმბოლურად და ეს სიმბოლური ნათქვამი არის, რომ აი, ეს შენობა, ეს ოფისი მყარად ნაშენებია და ცხრა ბალიან მიწისძვრას უძლებს-მეთქი. ოპოზიცია ყველანაირ მიწისძვრას გაუძლებს, ყველანაირ უსამართლობას“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე: „გამორიცხავთ თუ არა პოლიციასთან ფიზიკურ დაპირისპირებას“, გოცირიძემ აღნიშნა, რომ ამას საზოგადოება მალე იხილავს.

„მაგას ვნახავთ ძალიან მალე“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია 2021 წლის 5 თებერვალს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა არ გამოცხადდა.

ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა. უწყების ცნობით, გადაუხდელობის შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს მისი პატიმრობის თაობაზე მიმართავდა. მელიას გირაოს დარჩენილი თანხის გადახდის ვადა 12 თებერვალს ამოეწურა. გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს სწორედ ამ დღეს მიმართა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აღნიშნავს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.

ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.