რომან გოცირიძე - ოპოზიცია იმოქმედებს შეთანხმებულად, მათ შორის მაჟორიტარულ ოლქებში
რომან გოცირიძე - ოპოზიცია იმოქმედებს შეთანხმებულად, მათ შორის მაჟორიტარულ ოლქებში

ეუთო-ს დასკვნა საქართველოს ხელისუფლებაზე დამატებითი წნეხია, ეს ზეწოლა გაგრძელდება, როგორც აშშ-დან, ისევე ევროკავშირიდან, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოდირი-ს დასკვნა ამყარებს ოპოზიციის მიდგომებს, რომ „გერმანული მოდელი“ კონსტიტუციის საწინააღმდეგო არ არის.

„რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, თუ ხელისუფლება გაჯიუტდება, კრახს განიცდის და დამარცხდება. ოპოზიცია იმოქმედებს შეთანხმებულად, მათ შორის მაჟორიტარულ ოლქებში. სად და როგორ ამაზე შემდეგ იქნება საუბარი. პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციები მიმდინარეობს და როცა გაირკვევა, რა საარჩევნო სისტემით გავდივართ არჩევნებზე, ცალკეულ დეტალებზე შემდეგ ვისაუბრებთ. მთავარი პრინციპია ყველა ერთის წინააღმდეგ და მოვიცილოთ წარუმატებელი „ქართული ოცნება“. 100/50-ზე შემოგდებული გეგმა იყო დროის გასაჭიანურებლად, აბსურდული შეკაზმით. ოპოზიციის ხელით სურთ კონსტიტუციიდან იმ ნორმის ამოღება, რომ პროპორციული არჩევნები 2024 წელს ჩატარდეს“, – განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ.

დეპუტატის შეფასებით, ეს იყო შეგნებული თავხედური განაცხადი, რომ ამაზე ოპოზიციას ეთქვა უარი.

„100/50 მოდელი ქვეყანაში სამართლიან სისტემას ვერ უზრუნველყოფს. დაველოდოთ, ვნახავთ, როგორი რიხით ჩამოვლენ აშშ-დან. დავინახეთ, რომ ყურები აუწიეს, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს. აეროპორტში შეატყობთ, თუ აშშ-დან ყურებდაგრძელებული ჩამოვიდნენ, ეს იმას ნიშნავს, რომ შანსი კიდევ არის, გონს მოეგონ. გადაწყვეტილებას არც საგარეო საქმეთა მინისტრი იღებს და არც პარლამენტის თავმჯდომარე, წყვეტს ბიძინა ივანიშვილი და აშშ-ში ფორმალური წარმომადგენლები იყვნენ. კონგრესში რაც ვნახეთ, სილის გაწნა იყო. გაიმეორეს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის, პროპორციულზე უნდა გადავიდეთ. ზალკალიანი ამბობდა, გულთბილი შეხვედრა იყოო. გულთბილი ჰგონია ის, რომ თავში ჯოხი  არ ჩაარტყეს და პომიდორი არ ესროლეს. მოლაპარაკებაში ასე არ ხდება. ფორმა ერთია და შინაარსი – მეორე“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისი შეფასებით, შეხვედრების პირველი დღე კონგრესში ფორმით წყნარი, შინაარსით კი, გამანადგურებელი იყო.

საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პროექტთან დაკავშირებით ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირი) დასკვნა გამოქვეყნდა. დასკვნაში წერია, რომ საარჩევნო სისტემის არჩევა არის სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება, ორივე პრინციპი, მაჟორიტარულიც და პროპორციულიც, ასევე მათი კომბინაციით მიღებული შერეული სისტემა არის ლეგიტიმური არჩევანი.

ამასთან, როგორც დასკვნაშია აღნიშნული, საერთაშორისო პრაქტიკის რეკომენდაციით, საარჩევნო კანონმდებლობის საკვანძო ასპექტები არ უნდა ექვემდებარებოდეს ცვლილებას, როდესაც არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დოკუმენტში ნათქვამია, რომ კანონმდებლობის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ეროვნულ სასამართლოებზეა დამოკიდებული.