რომან გოცირიძე - ნუ ჰგონიათ, რომ სააკაშვილი სულ უკრაინაში და უკრაინულ პოლიტიკაში იქნება, დაბრუნდება საქართველოში და თავისი ადგილი ექნება
რომან გოცირიძე - ნუ ჰგონიათ, რომ სააკაშვილი სულ უკრაინაში და უკრაინულ პოლიტიკაში იქნება, დაბრუნდება საქართველოში და თავისი ადგილი ექნება

მიხეილ სააკაშვილი რასაც ამბობს, პირდაპირ და სწორად ამბობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც მან აღნიშნა, რომ „საქართველოს პრორუსული ხელისუფლების მოშორება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესებშია“.

გოცირიძის თქმით, საქართველოს მოქმედი ხელისუფლების დასასრულებლად ოპოზიციამ ყველაფერი უდნა გააკეთოს.

„რა გასაკვირია. უსამართლოდ, შეთითხნილი ბრალდებებით ქვეყნიდან გაძევებული პრეზიდენტი, მერამდენე წელია, იმყოფება თავისი სამშობლოს მიღმა და გნებავთ, დავარცხნილი სიტყვებით, ტკბილი და მოთაფლული ენით ისაუბროს? რასაც ამბობს, პირდაპირ და სწორად ამბობს. შეუძლია, კიდევ უფრო მკაცრად თქვას. საქართველოში უნდა დასრულდეს რვაწლიანი დანაშაულებრივი, წარუმატებელი, პრორუსული ხელისუფლება. მის დასამთავრებლად ყველაფერი უნდა იღონოს ოპოზიციამ. ის ამბობს, რომ ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებს და კანონიერი გზით ხელისუფლებას შევცვლით. ძალიან სასაცილოა, როცა გვეკითხებით, რომ ასეთი განცხადებები გეუხერხულებათ თუ არა. ისეთი ქმედება არ გეუხერხულებათ და გესაშინლებათ, რომ პრეზიდენტი ქვეყნიდან შეთითხნილი ბრალდებით გააგდეს? მთელ საქართველოსა და ცალკეული ადამიანების ბედს ერთი ადამიანი მართავს. ვისაც უნდა, დაიჭერს, ვისაც უნდა გაუშვებს. უხერხულობა და სირცხვილი ადეკვატური სიტყვა არ არის, ეს არის დანაშაულებრივი რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებები, როცა ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო, გადაწყვეტილებებს ერთი ადამიანი საკუთარი განწყობით და იმის მხიედვით იღებს დილით, რა სიზმარი აქვს ნანახი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადება ცუდად გაიგო.

„ქართულმა ოცნებამ“ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ცუდად გაიგო, ბრიყვულად. მათ განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის საჯარო მოხელე, არის უკრაინის მოქალაქე და პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს ნებისმიერი განცხადების უფლება და ნუ დაათრევთ ელჩს საგარეო უწყებაში, შეიგნეთ, განცხადების გაკეთების უფლება ნებისმიერ პოლიტიკოსს აქვსო, თუნდაც, უკრაინის მოქალაქე იყოსო. აბა, ამერიკელები, ლიუტეველები, ევროპარლამენტარები რომ მიუთითებენ საქართველოს, დემოკრატია იყოს დანერგილი და არჩევნები ჩატარდეს, თუ ლიეტუველს შეუძლია, „უკრაინელ“ სააკაშვილს რატომ არ შეუძლია? უკრაინელი ბრჭყალებში, დამცინავად მოვიხსენიებ, რადგან სულით ხორცამდე ქართველია“, – განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდება და საკუთარი ადგილი ექნება.

„ნუ ჰგონიათ, რომ სააკაშვილი სულ უკრაინაში და უკრაინულ პოლიტიკაში იქნება, დაბრუნდება საქართველოში და თავისი ადგილი ექნება. როდის? როცა ამის დრო დადგება“, – აღნიშნა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ.