რომან გოცირიძე - ნიკა მელია არის სიმბოლო უსამართლო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის, რომელიც გამარჯვებით დასრულდება
რომან გოცირიძე - ნიკა მელია არის სიმბოლო უსამართლო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის, რომელიც გამარჯვებით დასრულდება

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, რომან გოცირიძის განცხადებით, ნიკა მელია უსამართლო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოა.

მისივე თქმით, ღილაკზე ხელის დაჭერა ყველაფრის არის მკადრებლების სინდრომი. ამ განცხადებით გოცირიძე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს გამოეხმაურა.

„ხელისუფლების თავხედობით კრიზისი არის შესული იმ ზომამდე, რომ განმუხტვის ერთადერთი საშუალებაა, დავნიშნოთ რიგგარეშე არჩევნები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ხელისუფლება ცუდად დაამთავრებს. დღეს ჩვენ ვიხილეთ სამარცხვინო ადამიანები პარლამენტში. გაუსვრელები გასვარეს იმ ადამიანებმა, ვინც ერთხელ უკვე ჩაიდინეს ეს უმსგავსობა. როცა ერთხელ დააჭირეს ღილაკს, სამომავლოდ უკვე ყველაფერზე წამსვლელები გახდნენ, ყველაფრის მკადრებლების სინდრომი არის ღილაკზე ხელის დაჭერა.

ეს იყო ივანიშვილისადმი მონური მორჩილების დადასტურება. დღეს ვხედავთ, რომ მთელი საქართველო არის ამ უსამართლო რეჟიმის წინააღმდეგ და ნიკა მელია არის სიმბოლო ამ ბრძოლისა. ეს ბრძოლა დამთავრდება გამარჯვებით. ჩვენ გვახსოვს, რომ ზუსტად ასეთივე სცენარი წარიმართა მაშინ, ივანიშვილმა დილის 9:00 საათზე დანიშნა კომიტეტის სხდომა და მეორე დღეს სასამართლოში უნდა ყოფილიყო გამოტანილი გადაწყვეტილება დაპატიმრების შესახებ. ბოლოს მიხვდა, რომ მუქარა იყო საერთაშორისო პარტნიორებიდან და უკან დაიხია. ვნახოთ, ეყოფა კეთილგონიერება, თუ წავა ვაბანკზე. წავა ვაბანკზე და მიიღებს საპასუხოდ ძალიან ძლიერ დარტყმას ოპოზიციიის მხრიდან.

ივანიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ აჩვენა მონა მორჩილ საპარლამენტო უმრავლესობას, ვინ არის მისი ბატონი. დღეს ივანიშვილი იყო პარლამენტში. ბუნებრივია, გადაწყვეტილებას არ იღებს სასამართლო, გადაწყვეტილებას არ იღებს „ქართული ოცნება“, გადაწყვეტილებას იღებს ივანიშვილი. ამ კალიბრის პოლიტიკური ფიგურის, მთავარი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელის დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილების ერთადერთი მიმღები ივანიშვილია. დაველოდოთ, რას დაავალებს სასამართლოს. იმდენად თავხედური და სასაცილოა, რომ ნიკა მელიასთვის 60 000 გირაო არის შემაკავებელი ფაქტორი და 30 000 არა?ანუ, 30 000-ის სხვაობაში არის თურმე პოლიტიკური პარტიის ლიდერის დაპატიმრების საკითხი? რა არის ის გაჯიუტება, თუ პრინციპულობა, რომელსაც ჯიუტად იცავს ხელისუფლება – შეგნებული პროვოკაციაა, რომელსაც დავახევდრებთ შეგნებულ პროტესტს. ეს პროტესტი იქნება ძალიან მძლავრი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

გარდა ამისა, რომან გოცირიძის განმარტებით, ოპოზიციის რამე ფორმით გავრილოვთან დაკავშირება სისულელეა.

„გავრილოვის შემოსვლის წინაააღმდეგ ჩვენ ვაფრთხილებდით ჯერ კიდევ შარშან. გავრილოვი ერთხელ შემოიპარა როგორც მზვერავი ფეხბურთის მატჩზე და მაშინ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა, როდესაც უკვე ხელისუფლებაში იყო პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, გააფრთხილა, რომ გავრილოვი იყო საქართველოს მტერი და დაუშვებელი იყო მისი შემოშვება. ვიდრე გავრილოვს აქ შემოათრევდნენ, ჩვენ საპროტესტო აქციები გავმართეთ და გავრილოვის შემომყვანები ახლა რაღაც ფორმით აკავშირებენ ოპოზიციას გავრილოვთან, სისულელეა, ამას ვინ დაიჯერებს“, – განაცხადა რომა გოცირიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა. საკითხს სხდომაზე 88 დეპუტატის თანხმობა ჰქონდა.

ოპოზიციის წარმომადგენლებიდან წინააღმდეგ ხმა მისცეს ლევან იოსელიანმა და ალეკო ელისაშვილმა, ხოლო კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს „ვროპელი სოციალისტების“ წევრებმა, ავთანდილ ენუქიძემ, დავით ზილფიმიანმა, ფირდონ ინჯიამ და გელა მიქაძემ.

პარლამენტის ამ გადაწყვეტილების შემდეგ პროკურატურას ეძლევა შესაძლებლობა, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართოს.