რომან გოცირიძე - მთავრობა რა შუაშია, თუ დავალიანების განულებას „ქართუ“ აკეთებს
რომან გოცირიძე - მთავრობა რა შუაშია, თუ დავალიანების განულებას „ქართუ“ აკეთებს

მთავრობა რა შუაშია, თუ დავალიანების განულებას „ქართუ“ აკეთებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის დღევანდელი ინიციატივის შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციებისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება.

გოცირიძის თქმით, არავითარ მილიარდ ნახევარს „ქართუ“ არ გადაიხდის, ამასთან, აღნიშნა, რომ აღნიშნული ინიციატივა მხოლოდ არჩევნების მეორე ტურზეა გათვლილი.

„ჯერ ერთი, მთავრობა რა შუაშია, თუ ამას აკეთებს „ქართუ“, მეორეც, გაუგებარია რას აკეთებს „ქართუ“, რადგან საუბარია მხოლოდ იმ დავალიანებაზე, რომელიც არის 2 000 ლარამდე. ზოგადად, უიმედო სესხების ჩამოწერას კომერციული ბანკები ყოველწლიურად აკეთებენ. შარშან 77 მილიონი ლარი ჩამოიწერა უიმედო, 2016 წელს 55 მილიონი. ახლა როგორც გვესმის, რაღაც თანხა ჩამოიწერება და ამაში „ქართუ“ შეეშველება. მილიარდ ნახევარი არის ზღაპარი. არავითარ მილიარდ ნახევარს „ქართუ“ არ გადაიხდის, ეს არის მორიგი სატყუარა, რომელიც მცირე ოდენობის, ფაქტობრივად, ისეთ სესხებზეა საუბარი, რომელიც არასდროს იქნებოდა ბანკებისთვის დაბრუნებული და ისინი ისედაც აკეთებდნენ რესტრუქტურიზაციას. რომ არ ყოფილიყო მეორე ტური, იქნებოდა ასეთი ინიციატივა? რომ არ ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი მიმართვა, იქნებოდა მთავრობის მიერ ეს ინიციატივა? თუმცა აქ მთავრობა რა შუაშია. ბოლოს და ბოლოს, მაინც გაუგებარია ვინ და რას აკეთებს“, – განაცხადა გოცირიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ საფინანსო ინსტიტუტებისადმი მოქალაქეთა დავალიანების განულების ინიციატივა ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება.