რომან გოცირიძე - მოსამართლეობის კანდიდატების პირველი ათეულიდან რვა თანამდებობისთვის შეუსაბამოა
რომან გოცირიძე - მოსამართლეობის კანდიდატების პირველი ათეულიდან რვა თანამდებობისთვის შეუსაბამოა

გამჭვირვალე პროცესმა აჩვენა მოუმზადებელი, არაკომპეტენტური მოსამართლეები, დაადასტურა კლანის არსებობა, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცესის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, პროცესის გამჭვირვალობა საზოგადოების პროტესტისა და ოპოზიციონერი დეპუტატების დამსახურებაა.

„ახლა უმრავლესობა გვაყვედრის, ხედავთ რა გამჭვირვალე პროცესიაო. ეს პროცესი მონაპოვარია იმისა, რომ ის 10-კაციანი სია უკან გაუგდო საზოგადოებამ, ქუჩის პროტესტმა, დეპუტატებმა და ვაიძულეთ, მიეღოთ ისეთი კანონი, რომელიც იქნებოდა გამჭვირვალე და შეძლებდა სასამართლო სისტემაში არსებული კლანური სისტემის მხილებას. დიახაც, ეს არის გამჭვირვალე და ეს არის საზოგადოების გამარჯვება. ასე რომ, საკუთარ თავზე ნუ მიიწერენ პროცესის გამჭვირვალობას. ამ გამჭვირვალე პროცესმა აჩვენა მოუმზადებელი, არაკომპეტენტური მოსამართლეები, დაადასტურა კლანის არსებობა და რაც ყველაზე სამწუხაროა, ამ მოსამართლეებმა გვაჩვენეს, რომ ისინი იქნებიან ისეთივე მორჩილები და ისეთივე დამჯერი მმართველი უმრავლესობის, როგორებიც იყვნენ ყოველთვის. რაც შეეხება პირველ ათეულს, შეიძლება ითქვას, რომ ათიდან რვა შეუსაბამოა ამ თანამდებობისთვის. პირადად მე მომეწონა ორი ქალი კანდიდატი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ ექნებათ დამოუკიდებლობის რაიმე ხარისხი. ვნახოთ, მეორე ათეული როგორი გამოდგება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

დატოვე კომენტარი