რომან გოცირიძე - ეს ვაიმოსამართლე სანქციების სიაში პირველი მერცხალია, თუმცა მერცხალი ლამაზი ფრინველია და მე უფრო სხვანაირად ვიტყოდი
რომან გოცირიძე - ეს ვაიმოსამართლე სანქციების სიაში პირველი მერცხალია, თუმცა მერცხალი ლამაზი ფრინველია და მე უფრო სხვანაირად ვიტყოდი

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადება სენსაციურია, რადგან ეს არის პოლიტიკური განცხადება, რომლის გაკეთებაც „ქართულმა ოცნებამ“ დაავალა, – ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ მოსამართლის დღევანდელი განცხადება. ლაშა ჩხიკვაძე აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

რომან გოცირიძის თქმით, ინფორმაციას მიღება საელჩოს მუშაობის ერთ-ერთი ამოცანაა.

„განცხადების მთავარი შინაარსი არის ის, რომ ჩვენ გავიგეთ, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას პოლიტიკურად იღებს და ის სანქცირებულია. როგორც იქნა აღიარა, რომ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო, მას აშშ-ის ვიზა გაუუქმეს და არ მისცეს აშშ-ში წასვლისა და ქართველი მოსამართლეებისთვის დაგეგმილ სემინარში მონაწილეობის შესაძლებლობა, რაც არის სანქცია. ეს ვაიმოსამართლე სანქციების სიაში პირველი მერცხალია, თუმცა მერცხალი ლამაზი ფრინველია და მე უფრო სხვანაირად ვიტყოდი. ის არის პირველი ყვავი სანქცირებულთა სიაში, მას აუცილებლად მიჰყვებიან სხვებიც. ინფორმაციას მიღება საელჩოს მუშაობის ერთ-ერთი ამოცანაა და მას სრულიად ლეგალურად მიმართეს, რადგან აშშ-ში საელჩოს პროგრამით უნდა წასულიყო“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.