რომან გოცირიძე - მომსწრე ვართ, როგორ იყიდება კანონები პარლამენტში, მთავრობამ კანონპროექტი შემოიტანა, რომელიც ერთ კომპანიას მრავალმილიონიანი შეღავათის მიღების უფლებას აძლევს
რომან გოცირიძე - მომსწრე ვართ, როგორ იყიდება კანონები პარლამენტში, მთავრობამ კანონპროექტი შემოიტანა, რომელიც ერთ კომპანიას მრავალმილიონიანი შეღავათის მიღების უფლებას აძლევს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე მთავრობას მოუწოდებს, „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტიდან გაიწვიოს.

როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, კანონპროექტის გათვალისწინებით ხდება კონკრეტული კომპანიის რამდენიმე გადასახადისგან გათავისუფლება.

დეპუტატი განმარტავს, რომ საუბარია იმ კომპანიაზე, რომელმაც ოლიმპიური თამაშებისთვის თბილისში ინფრასტრუქტურა მოაწყო.

„მომსწრე ვართ, როგორ იყიდება კანონები პარლამენტში. მთავრობამ კანონპროექტი შემოიტანა, რომელიც კონკრეტულ ერთ კომპანიას მრავალმილიონიანი შეღავათის მიღების უფლებას აძლევს. ისტორია ძალიან მარტივია – როცა თბილისში ოლიმპიური თამაშები ჩატარდა, კომპანია, რომელიც თამაშებისთვის ინფრასტრუქტურას აშენებდა, მათ შორის საცხოვრებელ კომპლექსებს – ხუალინგი იგულისხმება, ათი წლის განმავლობაში გათავისუფლებული იყო ყველანაირი გადასახადისგან, მოგება, დღგ, ქონების გადასახადი და ა.შ. ეს ხელშეკრულება 16 მაისს უნდა დამთავრებულიყო. ათი წლის შემდეგ გაახსენდათ, რომ ვადა გასდის და პირდაპირ იყიდეს კანონპროექტი. მთავრობაში ვიღაცას ფული გადაუხადეს. ცვლილებები შემოიტანეს, რაც კიდევ ერთი წელი შეღავათების გაგრძელებას გულისხმობს. თურმე ბიუჯეტი არაფერს კარგავს და აბა, რა ხდება, როცა რამდენიმე გადასახადი არ შევა? მთავრობა შეგნებულად ცდილობს, დეპუტატები შეცდომაში შეიყვანოს და ერთ კომპანიას ფულის ჩაჯიბვის უფლება მისცეს. მთავრობას მოვუწოდებ, ეს კანონპროექტი გაიწვიოს და მეორე მოსმენით უკან შემობრუნება არ გაბედოს. მთავრობამ კონკრეტული სამშენებლო თუ მრავალპროფილური კომპანიის სასარგებლოდ კანონპროექტი გაყიდა“, – განაცხადა გოცირიძემ.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ინვესტორი მშენებლობის დაწყების თარიღიდან ათი წლის განმავლობაში თავისუფლდება დამატებითი ღირებულებების გადასახადისგან, იმპორტის გადასახადისგან. ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მშენებლობისთვის საჭირო სამშენებლო და დეკორატიული მასალების იმპორტისგან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მშენებლობისთვის საჭირო მანქანა-დანადგარების, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიკური მოწყობილობების იმპორტისგან. კანონპროექტის მიხედვით, ინვესტორი ასევე თავისუფლდება დივიდენდის გადასახადის წყაროსთან დაბეგვრისგან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ნაწილში.