რომან გოცირიძე - მხარდამჭერ აქტში პირდაპირ არის მითითება, რომ საქართველომ დემოკრატიის გაღრმავების თვალსაზრისით მეტი უნდა იმუშაოს
რომან გოცირიძე - მხარდამჭერ აქტში პირდაპირ არის მითითება, რომ საქართველომ დემოკრატიის გაღრმავების თვალსაზრისით მეტი უნდა იმუშაოს

ეს არის ერთი მხრივ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მიმართ სიკეთე და მხარდაჭერა, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს ვალდებულება, შეასრულოს პირობები, რაც აშშ-ის მხარდაჭერას უზრუნველყოფს – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განუცხადა საქართველოს მხარდამჭერ ორპარტიულ აქტთან დაკავშირებით.

დეპუტატის თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მიმართ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მრავალ პრაქტიკულ ნაწილს შეიცავს.

„სამი წლის წინ, ამერიკის კონგრესმა ქვეყნის მთავრობას აუკრძალა დახმარების გაწევა ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს აღიარებდა. ამის შემდეგ, მეორე ასეთი აქტი მიიღეს, სადაც პრაქტიკულად ჩადებულია სანქციების ელემენტები, რაც მისასალმებელია და შემდგომში ეს სხვა ქვეყნების მიერ უნდა იყოს გამოყენებული. აშშ სხვა ქვეყნებს ტონს ყოველთვის აძლევს. პირდაპირ არის მითითება, რომ საქართველოს მიმართ მხარდაჭერა უპირობო არ არის, ქვეყანამ დემოკრატიის გაღრმავების თვალსაზრისით მეტი უნდა იმუშაოს, განსაკუთრებით, სამართლიანი არჩევნების კუთხით. მათ შორის, სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბების სახით. ეს არის ერთი მხრივ, სიკეთე და მხარდაჭერა, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს ვალდებულება, ის პირობები შეასრულოს, რაც ამერიკის მხარდაჭერას უზრუნველყოფს. მსგავსი აქტის მიღება პირდაპირი სიგნალია რუსეთისადმი, რომ მცოცავი ოკუპაციის გაგრძელება, ადამიანების გატაცება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მკვლელობები, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დასჯილი იქნება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ერთხმად დაამტკიცა.