რომან გოცირიძე - მივესალმებით ყველა ძალის გამოჩენას, რომელიც ხელს შეუწყობს ივანიშვილის მმართველობის დემონტაჟს, ხაზარაძე ერთ-ერთი მძიმეწონოსანი მოთამაშე იქნება
რომან გოცირიძე - მივესალმებით ყველა ძალის გამოჩენას, რომელიც ხელს შეუწყობს ივანიშვილის მმართველობის დემონტაჟს, ხაზარაძე ერთ-ერთი მძიმეწონოსანი მოთამაშე იქნება

მივესალმებით ყველა იმ პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ძალის გამოჩენას სარბიელზე, რომელიც ხელს შეუწყობს ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის დემონტაჟს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით.

მისი შეფასებით, მამუკა ხაზარაძე მძიმეწონიანი მოთამაშე იქნება.

„ამ შემთხვევაში, მამუკა ხაზარაძე იქნება ერთ-ერთი მძიმეწონოსანი მოთამაშე, გამომდინარე თავისი სოციალური თუ სხვა სახის რესურსებიდან. თავისთავად, ხაზარაძის გამოსვლა ასპარეზზე ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ზურგი აქცია ყველამ, ახალგაზრდებმა, ბიზნესმა, პოლიტიკურმა პარტიებმა და ბიძინა ივანიშვილი თავისი „ქართული ოცნებით“ არის მარტო. ეს სიმარტოვე ნიშნავს მის გარდაუვალ დამარცხებას მომავალ არჩევნებში“, – განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, გოცირიძის თქმით, ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, ითანამშრომლებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობასთან.

„ჯერ თანამშრომლობაზე ლაპარაკი ნაადრევია. ჩვენი პრინციპი არის – „ყველა ერთის წინააღმდეგ“ და ამ შემთხვევაში, ხაზარაძის გამოჩენა ამ პრინციპში ზის“, – განაცხადა რომან გოცირიძემ და ასევე, არ გამორიცხა, რომ ხაზარაძის მოძრაობაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც იხილოს საზოგადოებამ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს განაცხადა, რომ სექტემბერში ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს. „მიზანშეწონილად მივიჩნევ, ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას, სადაც გაერთიანდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ისინი, ვისაც გააერთიანებს საქართველოში თანამედროვე დასავლური ყაიდის სახელმწიფოს მშენებლობის იდეა, რომელსაც ექნება ყველაზე კონკურენტული და ძლიერი ეკონომიკა რეგიონში და სადაც იზეიმებს კანონის უზენაესობა“, – დაწერა „ფეისბუქის“ გვერდზე მამუკა ხაზარაძემ.