რომან გოცირიძე - მივესალმებით ქცევის კოდექსზე ხელმოწერას და დარწმუნებული ვარ, ოპოზიციური პარტიები აღებულ ვალდებულებებს მთლიანად შეასრულებენ
რომან გოცირიძე - მივესალმებით ქცევის კოდექსზე ხელმოწერას და დარწმუნებული ვარ, ოპოზიციური პარტიები აღებულ ვალდებულებებს მთლიანად შეასრულებენ

ქცევის კოდექსი მხოლოდ ზრდილობიან დამოკიდებულებას არ ითვალისწინებს, ან მხოლოდ ძალადობისა და სიძულვილის ენის არ გამოყენებას, არამედ სწორედ იმ დარღვევების არგამეორებას, რასაც „ქართული ოცნება“ ჩადიოდა, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.

„ვიცით, რომ ე.წ. ტროლების ქარხნებისთვის მილიონებს ხარჯავდნენ, დეზინფორმაცია ვრცელდებოდა, ასევე ოპონენტების ლანძღვა, კომპრომეტირება, სიცრუის გავრცელება, ადმინისტრაციული და სხვა რესურსების გამოყენება. ამიტომ, ქცევის კოდექს საკმაოდ სერიოზული დოკუმენტია და მისი შეუსრულებლობა ცუდად იმოქმედებს იმ პარტიებზე, პირველ რიგში „ქართულ ოცნებაზე“, რომელიც ძირითადად ამ დარღვევების ჩამდენია, როგორც სახელისუფლო, ფულიანი პარტია და რომელიც ასევე, დიდი რაოდენობით „შავ ფულს“ იყენებს მოსყიდვისა და დეზინფორმაციაში. მივესალმებით ამ დოკუმენტის ხელმოწერას და დარწმუნებული ვარ, ოპოზიციური პარტიები აღებულ ვალდებულებებს მთლიანად შეასრულებენ“,- განაცხადა გოცირიძემ.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებითა და პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი შეიმუშავა. როგორც ცესკო-ში აცხადებენ, აღნიშნული დოკუმენტი დაფუძნებულია საყოველთაოდ აღიარებულ საარჩევნო ეთიკის პრინციპებზე და მოიცავს სამართლიანი, ღირსეული კონკურენციის შესახებ ნორმებს, ამომრჩეველთა და მონაწილე პარტიათა უფლებების პატივისცემას, კოდექსის შესრულებაზე მონიტორინგისა და შიდაპარტიული აღსრულების მექანიზმებზე შეთანხმებას.