რომან გოცირიძე - მიხეილ ბატიაშვილი მინისტრი იქნება თუ არა, ია კერზაიას საკითხის გამოძიება მაინც მოხდება და ყველა დამნაშავე დაისჯება
რომან გოცირიძე - მიხეილ ბატიაშვილი მინისტრი იქნება თუ არა, ია კერზაიას საკითხის გამოძიება მაინც მოხდება და ყველა დამნაშავე დაისჯება

გადაწყვიტეს, რომ ია კერზაიას საქმისთვის პოლიტიკური სიმძიმე მოეხსნათ, მაგრამ ერთი მინისტრის წასვლით ამას არაფერი უშველის, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ მიხეილ ბატიაშვილის თანამდებობის დატოვების შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, მიხეილ ბატიაშვილი მინისტრი იქნება თუ არა, ია კერზაიას საკითხის გამოძიება მაინც მოხდება.

„რა თქმა უნდა, მიხეილ ბატიაშვილი მოხსნეს. საკუთარი სურვილით წასული მინისტრი თქვენ გინახავთ? ასეთი რამ იშვიათად ხდება. ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მინისტრის რანგში მისი ყოფნა მას შემდეგ, რაც უკვე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მიიღო ია კერზაიას საქმე, მუდამ დარტყმის ქვეშ იქნებოდა. გადაწყვიტეს, რომ პოლიტიკური სიმძიმე ამ საკითხისთვის მოეხსნათ. მაგრამ ერთი მინისტრის წასვლით ამას არაფერი უშველის. იმიტომ, რომ მეორე მინისტრი, რომელმაც მას დაავალა პირდაპირ წინასაარჩევნოდ ამ რეპრესიების ჩატარება, დღეს უკვე პრემიერ-მინისტრია. ასე რომ, მინისტრი იქნება თუ არა, ამ საკითხის გამოძიება მაინც მოხდება და ყველა დამნაშავე დაისჯება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა დღეს დატოვა. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, თანამდებობის დატოვება საკუთარ გადაწყვეტილებას უკავშირდება.

დატოვე კომენტარი