რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ კვლევების მიხედვით, მოსახლეობის დაკვეთა ოპოზიციური პარტიების გაერთიანებაა
რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ კვლევების მიხედვით, მოსახლეობის დაკვეთა ოპოზიციური პარტიების გაერთიანებაა

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევების მიხედვით, მოსახლეობის დაკვეთა ოპოზიციური პარტიების გაერთიანებაა.

როგორც გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციური პარტიების გაერთიანებამ საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი შედეგი უკვე აჩვენა.

„დემოკრატიის ხარისხი და მთავრობის უვარგისობა აისახება „ქართული ოცნების“ რეიტინგის კლებაზე, რაც არჩევნებში გამოჩნდება. მეორე მხრივ, გაჩნდება მოთხოვნა პარტიების გაერთიანებისა. მოსახლეობის დაკვეთა ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს, რომ უნდა გავერთიანდეთ“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო კვლევის თანახმად, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პირველი არჩევანის შემთხვევაში, 36 პროცენტი პასუხობს, რომ „არც ერთი“, 27 პროცენტი ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას პარტია „ქართული ოცნება“, 12 პროცენტი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, სამი პროცენტი – „ევროპული საქართველო“, სამი პროცენტი  – „პატრიოტთა ალიანსი“. ამასთან, „უარი პასუხზე“  – ცხრა პროცენტი, „არ ვიცი“ – ხუთი პროცენტი.

კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას/გაერთიანებას მისცემდით ხმას, პირველი არჩევანის შემთხვევაში პასუხები შემდეგია: „ქართული ოცნება“ – 29 პროცენტი, „არ ვიცი“ – 26 პროცენტი, „უარი პასუხზე“ – 13 პროცენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 12 პროცენტი, „არც ერთი პარტია“ – ცხრა პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსი“ – სამი პროცენტი, „სხვა“ – შვიდი პროცენტი. აღნიშნული პასუხები ეკუთვნით რესპონდენტებს, რომლებიც აცხადებენ, რომ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას.