რომან გოცირიძე - მარგველაშვილმა თქვა, პარლამენტი დატოვეთო, მას რომ დაეტოვებინა პრეზიდენტის პოსტი, როცა ჩაგრავდნენ, დღეს არ მოგვიწევდა პარლამენტის დატოვებაზე საუბარი
რომან გოცირიძე - მარგველაშვილმა თქვა, პარლამენტი დატოვეთო, მას რომ დაეტოვებინა პრეზიდენტის პოსტი, როცა ჩაგრავდნენ, დღეს არ მოგვიწევდა პარლამენტის დატოვებაზე საუბარი

მარგველაშვილმა თქვა, პარლამენტი დატოვეთო, მას რომ დაეტოვებინა პრეზიდენტის პოსტი, როცა ჩაგრავდნენ, ჩვენ არ მოგვიწევდა პარლამენტის დატოვებაზე დღეს საუბარი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვიღაცებს კერძო, პარტიული ინტერესები აქვთ, რადგან პარლამენტში არ იმყოფებიან და საერთოდ არ აწყობთ, 30-კაციანი პარტია იყოს წარმოდგენილი.

„მათ ურჩევნიათ, ვიყოთ ქუჩაში, რათა მოვწყდეთ საერთაშორისო ურთიერთობებს. თუ დეპუტატის სტატუსი არ გაქვს, არც ერთი კონგრესმენი არ შეგხვდება და არც პარტნიორები არ დაიჭერენ ურთიერთობას. ვინც ამბობს, მანდატი დატოვეთო, ვაშინგტონში სწორედ პარლამენტის სტატუსით ხვდებიან ჩვენს პარტნიორებს. ეს ყველაფერი სასაცილოა. უკვე არჩევნები მოვიდა, სჯობს, არჩევნებისთვის მოვემზადოთ და რა მინიმალური რესურსებიც გვაქვს, ის გამოვიყენოთ. მარგველაშვილმა თქვა, პარლამენტი დატოვეთო, მას რომ დაეტოვებინა პრეზიდენტის პოსტი, როცა ჩაგრავდნენ, მაშინ ჩვენ არ მოგვიწევდა პარლამენტის დატოვებაზე დღეს საუბარი“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ „ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც უარს იტყვის თანამშრომლობაზე, მოახდენს ხელისუფლების ლუსტრაციას, გამოიყვანს ოპოზიციას პარლამენტიდან და დაძაბავს სიტუაციას, არის პოზიტიური და მისაღები“. „პირველი, რა თქმა უნდა, პარლამენტი უნდა იქნას დატოვებული. ეს არ გადაწყვეტს სიტუაციას, მაგრამ ნამდვილად დაძაბავს და მოახდენს ლუსტრაციას“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.