რომან გოცირიძე - მამუკა ხაზარაძეს შეცდომა მოუვიდა, მაგრამ ეს მის ერთთვიან, გამოუცდელ პოლიტიკურ საქმიანობას მივაწეროთ
რომან გოცირიძე - მამუკა ხაზარაძეს შეცდომა მოუვიდა, მაგრამ ეს მის ერთთვიან, გამოუცდელ პოლიტიკურ საქმიანობას მივაწეროთ

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის მიმართ გაკეთებული განცხადების გამო პოლიტიკური შეცდომა დაუშვა.

როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, სჯობდა, მამუკა ხაზარაძის განცხადება გენდერულად დაბალანსებული ყოფილიყო.

„მას უნდა ეთქვა, ხაჭაპურებს მეც კარგად ვაცხობ, მაგრამ ხაჭაპურის ცხობის გარდა, ერთ მილიარდიანი „თიბისი ბანკი“ შევქმენი და ალბათ, მაია ცქიტიშვილი ხაჭაპურს ჩემზე უკეთ აცხობს, მაგრამ ინფრასტრუქტურის სამინისტროში მდგომარეობა სავალალოაო. ამ შემთხვევაში ეს გაგებული იქნებოდა არა ისე, როგორც „შედი ქალო, ბუტკაში“, „შედი ქალო, კუხნაში“. მნიშვნელობა არ აქვს, ქალია თუ კაცი, თავის საქმეს კარგად უნდა აკეთებდეს, ეს იქნება სამზარეულოში თუ სამინისტროში. მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში ახალია და მიხვდება, რომ პოლიტიკას ზოგიერთი სახის გამონათქვამი არ უხდება. ჯერ ერთი თვეა პოლიტიკაშია, შეცდომა მოუვიდა, მაგრამ პარლამენტში ისეთ განცხადებებს ვისმენთ, ეს რომ შევაფასოთ, უმრავლესობის ნახევარზე მეტი დეპუტატი ვინც სიძულვილის ენას იყენებს, პარლამენტში არ უნდა იყოს. მამუკა ხაზარაძეს შეცდომა მოუვიდა, მაგრამ ეს მის ერთთვიან, გამოუცდელ პოლიტიკურ საქმიანობას მივაწეროთ. ხაჭაპურების საკითხი ქალების შეურაცხყოფის თვალსაზრისით იქნა აღქმული. არ აქვს მნიშვნელობა, ქალი სამზარეულოში იქნება თუ სამინისტროში, თავის ადგილზე ისეთი ძლიერი უნდა იყოს, როგორც კაცი – ეს რომ ეთქვა, ყველა ტაშს დავუკრავდით“, – განაცხადა გოცირიძემ.

მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუშაობაზე ისაუბრა და აღნიშნა: „მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა“.

დატოვე კომენტარი