რომან გოცირიძე - „მაცი ხვიტიაში“ ცხენებს იპარავენ, გამოდის, რომ ეს ფილმი ქურდობის პროპაგანდას ეწევა
რომან გოცირიძე - „მაცი ხვიტიაში“ ცხენებს იპარავენ, გამოდის, რომ ეს ფილმი ქურდობის პროპაგანდას ეწევა

ერთ მხარეს არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები, მაყურებლები, მეორე მხარეს არის შავრაზმული ბრბო, რომლიც ძალადობs და რომლის წინააღმდეგაც უნდა იყოს გამოყენებული ადეკვატური ზომები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, შავრაზმელი ექსტრემისტული ჯგუფები პირდაპირ არიან დაკავშირებული ხელისუფლებასთან, მათ აქვთ დაუსჯელობის განცდა.

„დაუსჯელობის განცდა აქვთ, რადგან ისინი წლების განმავლობაში ძალადობენ. მათი ლიდერები პირდაპირ აკეთებენ განცხადებას, რომ კომბლებს დატოვებენ სახლში, მაგრამ სამაგიეროდ შიშველი ხელებით ჩაშლიან. მოსამართლეს ვერ ათქმევინებ, რომ შიშველი ხელებით ჩაშლა არის ძალადობა, კომბალი ხომ არ უჭირავს, დაახლოებით ასე გამოვიდა. მათ იდეოლოგიურ პლატფორმას იზიარებენ „ქართული ოცნების“ ლიდერები. ერთ-ერთმა დეპუტატმა ცეცხლზე ნავთი დაასხა, როდესაც განაცხადა, რომ ყველას აქვს უფლება ფილმის ნახვის, მაგრამ ეს ფილმები არ უნდა ეწეოდნენ რაღაცის პროპაგანდას. თურმე ხელოვნების ნიმუში, „ოსკარზე“ წარდგენილი ფილმი ვიღაცისთვის შეიძლება ყოფილიყო პროპაგანდის გამწევი. მაშინ, აგერ ფილმი რომ არის „მაცი ხვიტია“, სადაც ცხენებს იპარავენ, გამოდის, რომ ეს ფილმი ეწევა ქურდობის პროპაგანდას. ასეთ უაზრო განცხადებებს აკეთებენ აქ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ნებისმიერი ძალადობის გამოვლინება.

„არ უნდა იყოს ისე, რომ რა ვქნათ, ორივე მხარეს აქვს თავისი გამოხატვის უფლება და შუაში დავდგებით როგორც მედიატორები და გამშველებლები. ნურას უკაცრავად, თქვენ არ ხართ გამშველებლები, ერთ მხარეზე არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები, მაყურებლები, მეორე მხარეს არის შავრაზმული ბრბო, რომლებიც ძალადობენ და რომლის წინააღმდეგაც უნდა იყოს გამოყენებული ადეკვატური ზომები. ნებისმიერი მოძალადე უნდა იყოს იმავე წამს დაკავებული“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაზე მაყურებლებს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში არ შეუშვებენ. „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებას“ მხარს უჭერს ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძეც. ის არ გამორიცხავს, რომ „ამირანსა“ და „აპოლოში“ ჩვენების დროს ელექტროენერგია გაითიშოს. ფალავანდიშვილის განცხადებით, 8, 9 და 10 ნოემბერს კინოთეატრების პიკეტირებას მოახდენენ.

ამასთან, გუშინ ვიდეომიმართვა გაავრცელა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ და აღნიშნა, რომ  ამ ფილმის გადაღებით მთელ მსოფლიოში შეარცხვინეს ქართული კულტურა.

„პარასკევს 8 ნოემბერს, 16:00 საათზე დიდი რაოდენობით შევიკრიბებით ვერის ბაღში, დავიყოფით ხუთ ჯგუფად და დავიძვრებით იმ კინოთეატრებისკენ, სადაც ეს ჩვენებები იგეგმება. ჩვენ შევალთ ამ კინოთეატრებში და არ მივცემთ მათ ამ სეანსების ჩატარების უფლებას. თუ ჩვენ იქ დაგვხვდება პოლიციის კორდონები, გავწევთ პოლიციელებს და მაინც შევალთ კინოთეატრებში, მოვუწოდებ ჩვენს საამაყო პოლიციელებს, არ წავიდნენ ერის ტრადიციების წინააღმდეგ და არ დაიცვან ქვეყნის გარყვნა. წინააღდმეგ შემთხვევაში, ისინი შეარცხვენენ საკუთარ გვარებსა და ოჯახებს და იძალადებენ საკუთარ ხალხზე და მის ტრადიციაზე. მოვუწოდებ ყველას, არავითარი ცემა-ტყეპა, არავითარი კომბალი ან იარაღი, უბრალოდ შევდივართ შიშველი ხელებით კინოთეატრებში და ვშლით ამ სეანსებს, შევდივართ საოპერატოროში და ვთიშავთ ფილმის ჩვენებას“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.