რომან გოცირიძე - კვლავ „ტრიუკი“ თუ არ ჩაატარა „ქართულმა ოცნებამ“, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ხელს ვერაფერი შეუშლის, მაგრამ ეს არ იქნება 8 მარტის შეთანხმების შესრულება
რომან გოცირიძე - კვლავ „ტრიუკი“ თუ არ ჩაატარა „ქართულმა ოცნებამ“, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ხელს ვერაფერი შეუშლის, მაგრამ ეს არ იქნება 8 მარტის შეთანხმების შესრულება

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, გიორგი რურუა პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს.

მისი თქმით, სასამართლოს პრობლემის გადაწყვეტა მარტივად შეუძლია. გოცირიძე განმარტავს, რომ საუბარია აღმკვეთი ღონისძიების შეცვლაზე.

„გიორგი რურუა უნდა იყოს გათავისუფლებული. ამას არაფერი არ უშლის ხელს, ვინაიდან საუბარია აღმკვეთი ღონისძიების შეცვლაზე, წინასწარი პატიმრობიდან ადამიანის გათავისუფლებაზე. მსოფლიოს არც ერთ ცივილიზებულ სახელმწიფოში დანაშაულიც რომ იყოს ჩადენილი, მსგავსი საქმის დროს წინასწარი პატიმრობა არ გამოიყენება. ამიტომ სასამართლოს მარტივად შეუძლია პრობლემის გადაწყვეტა“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძის თქმით, ახალი კონსტიტუცია პარტიების მხარდაჭერის გარეშე თუ მიიღება, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები არ იქნება სამართლიანი და დემოკრატიული, ხელისუფლებამ კვლავ მოატყუა საერთაშორისო პარტნიორები და მუდმივ ტყუილზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება.

„პარლამენტში არიან დამოუკიდებელი დეპუტატები და ოპოზიციური ფრაქცია. თუ კვლავ რაიმე „ტრიუკი“ არ ჩაატარა „ქართულმა ოცნებამ“, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ხელს ვერაფერი შეუშლის, მაგრამ ეს არ იქნება იმ შეთანხმების შესრულება, რაც 8 მარტს დაიდო.

როცა ხელისუფლებამ გაათავისუფლა უგულავა, ოქრუაშვილი და შეჩერებულია პროცესი ხაზარაძის, ჭუტა წერეთელის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება აპირებს შეთანხმების მთლიანად შესრულებას. თუ ერთი პატარა ნაწილი, გიორგი რურუას ციხეში ჩატოვების გამოიყენა, ეს იმას ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა დაეკისრება მთლიანად „ქართულ ოცნებას“,- განაცხადა გოცირიძემ და დასძინა, რომ ცვლილებები არსებულ საარჩევნო სისტემაზე გაცილებით უკეთესია.

„არსებული სისტემა არის ცუდი, გაცილებით უკეთესია ახალი ცვლილებები, ის არ არის სრულად პროპორციული, მაგრამ მასთან მიახლოებულია და შერეულ სისტემაზე გადასვლა სჭირდება ქართველ ხალხს, პოლიტიკურ პრტიებს, რათა ქვეყანაში არჩევნები უფრო დემოკრატიულად იქნას ჩატარებული და მას ხელოვნურად არავინ არ ბლოკავს.

ვალდებულება ხელისუფლებამ აიღო და ამ პროცესის ჩავარდნაზე პასუხისმგებლობა მათ ეკისრება. რომელი ლოგიკით უნდა ვიხელმძღვანელოთ, როცა უგულავა და ოქრუაშვილი გათავისუფლებული არიან, რატომ არ გადადგეს შემდეგი ნაბიჯი რურუასთან მიმართებაში, ეს რაღაც თამაში, ჩანაფიქრი და „ტრიუკები“ აქვთ, რაც თავიდან ჰქონდათ ჩაფიქრებული, როგორც მათმა მმართველმა იცის თქმა“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.