რომან გოცირიძე - პარლამენტის დატოვებაში გამოსავლის ძიება წყალწაღებულის ხავსზე მოჭიდებას ჰგავს, ან უფრო უარესიცაა, ამ ქმედების პრაქტიკული შედეგი ხავსის ტოლიც არ არის
რომან გოცირიძე - პარლამენტის დატოვებაში გამოსავლის ძიება წყალწაღებულის ხავსზე მოჭიდებას ჰგავს, ან უფრო უარესიცაა, ამ ქმედების პრაქტიკული შედეგი ხავსის ტოლიც არ არის

კვლავ გახშირდა მოწოდებები პარლამენტის დატოვების შესახებ. მოტივები სხვადასხვაა, გულუბრყვილო-სენტიმენტალურიდან დაწყებული, პრაგმატულ-ეგოისტურით დამთავრებული. პრეზიდენტ მარგველაშვილის მოწოდება ცოტა განსხვავებულია, პათეთიკურ-ეგზისტენციალური, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

რომან გოცირიძის განმარტებით, პარლამენტის დატოვებაში გამოსავლის ძიება წყალწაღებულის ხავსზე მოჭიდებას ჰგავს, თუმცა ამ ქმედების პრაქტიკული შედეგი ხავსის ტოლიც არ არის.

„პარლამენტის დატოვებაში გამოსავლის ძიება წყალწაღებულის ხავსზე მოჭიდებას ჰგავს, ან კიდევ უფრო უარესიცაა – ხავს მატერიალური შემადგენელი მაინც აქვს, ამ ქმედების პრაქტიკული შედეგი კი ხავსის ტოლიც არ არის. მსგავსი ნაბიჯი შეიძლება, რაღაცის დამაგვირგვინებელი ყოფილიყო. ახლა, მიზეზების ძიებას რომ არ მოვყვე, ეს უკვე გვიანია. ვემზადოთ არჩევნებისთვის და გამოვიყენოთ პარლამენტის მწირი რესურსი გასაძლიერებლად. მწირი იმიტომ, რომ თავად ოპოზიციამ შევუწყვეთ ხელი, ასეთი გამხდარიყო“, – წერს რომან გოცირიძე.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ „ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც უარს იტყვის თანამშრომლობაზე, მოახდენს ხელისუფლების ლუსტრაციას, გამოიყვანს ოპოზიციას პარლამენტიდან და დაძაბავს სიტუაციას, არის პოზიტიური და მისაღები“. „პირველი, რა თქმა უნდა, პარლამენტი უნდა იქნას დატოვებული. ეს არ გადაწყვეტს სიტუაციას, მაგრამ ნამდვილად დაძაბავს და მოახდენს ლუსტრაციას“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.