რომან გოცირიძე - კონსტიტუციურ პროექტში საარჩევნო ბლოკებზე ისეთი ჩანაწერი იქნება, რასაც პარტიების უმრავლესობა გადაწყვეტს
რომან გოცირიძე - კონსტიტუციურ პროექტში საარჩევნო ბლოკებზე ისეთი ჩანაწერი იქნება, რასაც პარტიების უმრავლესობა გადაწყვეტს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ კონსტიტუციურ პროექტში საარჩევნო ბლოკებზე ისეთი ჩანაწერი იქნება, რასაც პარტიების უმრავლესობა გადაწყვეტს.

ჟურნალისტებთან საუბარში რომან გოცირიძე უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საარჩევნო ბლოკების საკითხი სრულიად მინდობილია პოლიტიკურ პარტიებზე.

მისი თქმით, ბლოკების საკითხს როგორც პარტიების უმეტესობა გადაწყვეტს, „ნაციონალური მოძრაობაც“ იმას დაემორჩილება მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია, მსხვილ პარტიებს არავითარი პრობლემა არ ჰქონდეთ, არჩევნები ჩატარდება ბლოკებით, თუ მის გარეშე.

„მოლაპარაკებების გარშემო მყოფი პარტიები გავითვალისწინებთ პარტიების უმეტესობის ინტერესებს ბლოკების საკითხზე“, – აღნიშნავს გოცირიძე.

დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის არჩევნებზე ბლოკების დაშვების შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო ბლოკად იყოს წარმოდგენილი.

“თუ ბლოკები დაშვებული იქნება, ბლოკებად გაერთიანება არ არის გამორიცხული, რატომაც არა. ეს მოგვიანებით გადაწყდება“, – დასძინა გოცირიძემ.

მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ საარჩევნო ბლოკების საკითხი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არის ღია და ამ საკითხზე ოპოზიციასთან შესაძლოა კონსულტაციები გაიმართოს.