რომან გოცირიძე - კონსტიტუციის ძალადობრივი ფორმით მიღების დროს დარბაზს ვტოვებდით, მაგრამ დღეს სხვა პროცესია
რომან გოცირიძე - კონსტიტუციის ძალადობრივი ფორმით მიღების დროს დარბაზს ვტოვებდით, მაგრამ დღეს სხვა პროცესია

კონსტიტუციის ძალადობრივი ფორმით მიღების დროს ჩვენ დარბაზს ვტოვებდით, მაგრამ დღეს სხვა პროცესია, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რომან გოცირიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მიიღებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესში მონაწილეობას, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ ფორმალურად, პარტია პროცესში მონაწილეობას მიიღებს, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

„ახლა აქ უნდა ვიყოთ და ტრიბუნიდან უნდა გამოვიდეთ. ამ პროცესში მონაწილეობით ხელისუფლების ცუდ მუშაობასა და უუნარობას ვამხელთ“, – განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, სცენარი მეორდება, რადგან ერთი წლის წინათაც ზუსტად ასეთივე სამთავრობო პროგრამა ვიხილეთ.

„მთავრობის დამტკიცება და მისთვის ნდობის გამოცხადება შარშანაც მოხდა, როცა რამდენიმე მინისტრი შეიცვალა და აგერ ახლაც იგივე განმეორდა. დაპირებები შარშანაც ზუსტად ასეთი მოვისმინეთ, რომ სიღარიბე უნდა შემცირებულიყო და საქართველო აყვავებულიყო“, – განაცხადა გოცირიძემ

როგორც მან აღნიშნა, საკითხი ასე უნდა დაისვას, არის ისეთი სფერო, რომელიც ამ ერთი წლის განმავლობაში გაუმჯობესდა თუ არა.

„მე ვიტყოდი, ასეთი სფერო არ არსებობს. ეკონომიკური ვითარება გაუარესდა, სიღარიბემ იმატა, ლარი გაუფასურდა, ფასები იზრდება; ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მდგომარეობა გაცილებით უარესია, აგერ აფგან მუხტარლის გატაცება და მთელი მსოფლიოს წინაშე თავის მოჭრა; უსაფრთხოების კუთხით დაცულობის შეგრძნება ადამიანებს მოაკლდათ მას შემდეგ, რაც აგერ ისანში ტერორისტები დაბუდდნენ; კრიმინალმა იმძლავრა სკოლაში, ქუჩაში. ნელ–ნელა, ფაქტობრივად, ქურდული მენტალიტეტი აღდგა და შევარდნაძის დროინდელი განწყობები გვიბრუნდება; სასამართლო დეგრადირებულია, შეიცვალა მთლიანი სისტემა და ფაქტობრივად, ერთპარტიული სასამართლო მივიღეთ; ვიცით, „რუსთავი 2“–თან დაკავშირებით რა მოხდა და უზენაესი სასამართლოს 11–მა მოსამართლემ მსოფლიოს თუ არა, ევროპის მასშტაბით როგორ გვასახელა და ა.შ. რომელი ერთი ჩამოვთვალო?!“, – განაცხადა განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა.

რომან გოცირიძემ ასევე თქვა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში წინსვლა არ ყოფილა.

„დანარჩენ ოთხ წელიწადზე არაფერს ვამბობ. ეს ძალიან მარტივი დიაგნოზია და ახლა აქ მიღწევების შესახებ რა ზღაპრებიც მოყვნენ, ეს უკვე დავინახეთ. დავინახეთ როგორ ხდება დაპირებები, თურმე, ხუთი წლის შემდეგ რა საუკეთესო ცხოვრება გვექნება და ევროპას როგორ გავაკვირვებთ. ევროპა კი არა, აგერ მთელი საქართველოა გაკვირვებული“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.