რომან გოცირიძე - კოალიციის გარეშე ხელისუფლებას აყალიბებს პარტია, რომელიც იღებს 51 პროცენტს, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ზომით თუ გაიმარჯვებს, მას კოალიცია არ დასჭირდება
რომან გოცირიძე - კოალიციის გარეშე ხელისუფლებას აყალიბებს პარტია, რომელიც იღებს 51 პროცენტს, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ზომით თუ გაიმარჯვებს, მას კოალიცია არ დასჭირდება

კოალიციის გარეშე ხელისუფლებას აყალიბებს ის პარტია, რომელიც იმარჯვებს ცალკე და 51 პროცენტს იღებს. გაიმარჯვებს „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ზომით? მას კოალიცია არ დასჭირდება, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გასაკვირი არაფერია იმაში, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებზე მაქსიმალური შედეგებისთვის იბრძვის.

„არ მგონია, რომ მთლად ზუსტად იქნა გაგებული ეს განცხადება. აქ ძალიან მარტივად დგას საკითხი. კოალიციის გარეშე ხელისუფლებას აყალიბებს ის პარტია, რომელიც იმარჯვებს ცალკე და 51 პროცენტს იღებს. გაიმარჯვებს „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ზომით? არ დასჭირდება მას კოალიცია. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი ახლა და წინასაარჩევნოდ ჩვენი ტაქტიკა. რა არის ამაში გასაკვირი, რომ ვიბრძვით მაქსიმალური შედეგებისთვის? თუ ეს არ იქნა მიღწეული, რა თქმა უნდა, მოგვიწევს კოალიციის შექმნა, აბა, ივანიშვილს ხომ არ დავტოვებთ ხელისუფლებაში?“, – აღნიშნა გოცირიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის მხრიდან გამოხმაურებას, რაც მიხეილ სააკაშვილის განცხადებას მოჰყვა, რომან გოცირიძე მიიჩნევს, ახლა კინკლაობის დრო არ არის.

„არ მგონია, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ოპოზიციურ ფლანგზე ვნებათაღელვა საარჩევნო სტრატეგიის სასურველი მიმართულება იყოს. არ არის ჩვენი სამიზნე ჩვენი კონკურენტები. დიახ, პარტიები დღეს საარჩევნო პროცესში არიან კონკურენტები, მაგრამ ხვალ ეს პარტიები იქნებიან პარტნიორები ახალ მთავრობაში. ზედმეტი კინკლაობა „ქართული ოცნების“  წისქვილზე ასხამს წყალს“, – განაცხად რომან გოცირიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციური პარტიებისა და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს მიმართა.

სააკაშვილის თქმით, თავიდანვე „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზება იყო ერთიანი სიის ფორმირება და ივანიშვილის ამ გზით დამარცხება. თუმცა, მისივე  განმარტებით, ვინაიდან ერთიანი სია არ შედგა, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებზე იბრძვის მაქსიმალური რაოდენობის ხმების და ამავე დროს უმრავლესობის მოსაპოვებლად.

გარდა ამისა, სააკაშვილის განმარტებით, სასურველია, ყველა ხმა, რომელიც არ მიემართება „ნაციონალური მოძრაობის“ და მის ირგვლივ გაერთიანებული ჯგუფების მხარდასაჭერად, „წავიდეს არა ივანიშვილის, არამედ სხვა ოპოზიციური ძალებისკენ“.