რომან გოცირიძე - კინზინგერმა ნათლად თქვა, გაძლევთ ფულს და უნდა ვიცოდეთ, რომ ის მიზნობრივად იხარჯება
რომან გოცირიძე - კინზინგერმა ნათლად თქვა, გაძლევთ ფულს და უნდა ვიცოდეთ, რომ ის მიზნობრივად იხარჯება

პირობის შესრულების შემთხვევაში დახმარების გაწევა სანქციის ერთ-ერთი ფორმაა, ეს არის რბილი სანქცია, მაგრამ თუ ხელისუფლება გააგრძელებს ძალადობას, მოსყიდვას, არჩევნების გაყალბებას, სანქციები გაძლიერდება , – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის განცხადებასთან დაკავშირებით.

გოზირიძის შეფასებით, კინზინგერმა ეს საკითხი დიპლომატიურად ახსნა.

„ადამ კინზინგერის განცხადებაში ერთმნიშვნელოვნად არის ნათქვამი, რომ 3,5 მილიარდია უკვე, რაც ამერიკელებმა ჩადეს საქართველოს დემოკრატიაში, ეკონომიკის ფეხზე დაყენებაში, ასევე თავდაცვის გაძლიერებაში. ამ ფულის გადამხდელმა უნდა იცოდეს, ეს რაში იხარჯება. ამიტომ გაყინული თანხა, 15 პროცენტი, რომელიც 20 მილიონი დოლარია, არის არა რომელიმე დეპუტატის ინიციატივა, არამედ კონგრესში ორპარტიული, კონსენსუსით მიღწეული გადაწყვეტილება. სანქცია ნიშნავს, როცა გეუბნებიან, რომ ამ ფულს გამოიყენებ მაშინ, თუ გააკეთებ ამას, ამას და ამას – თუ იქნება სამართლიანი სასამართლო, დემოკრატიული არჩევნები, შეწყდება პოლიტიკური დევნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაყინული იქნება და ეს არის სანქცია. კინზინგერმა დიპლომატიურად, რბილად ახსნა ეს მოვლენა.  პირობის შესრულების შემთხვევაში, რაღაც დახმარების გაწევა, ეს არის სანქციის ერთ-ერთი ფორმა, ეს არის რბილი სანქცია, მაგრამ თუ ხელისუფლება გააგრძელებს ძალადობას, მოსყიდვას, არჩევნების გაყალბებას, ეს სანქციები გაძლიერდება. სამწუხაროდ, ეს აისახება ქვეყანაზე, მაგრამ საბედნიეროდ, პერსონალურად ბიძინა ივანიშვილზე. ამის მაგალითები გვაქვს მოლდოვის ოლიგარქთან დაკავშირებით. როგორი დიპლომატიური პასუხიც არ უნდა გასცეს, ადამ კინზინგერი არის „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი კონგრესში, რომლის ძირითად სტრატეგიულ დოკუმენტში კვლავ წერია, რომ ივანიშვილი არის რუსეთის მოკავშირე“, – განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების” ლობისტების მცდელობა იყო, რომ ეს ნაწილი ამორებულიყო ჩანაწერიდან, თუმცა არ ამოუღიათ.

„ლობისტების სასაცილო წერილი, თურმე, ივანიშვილი არის მეცენატი და საქართველო ევროატლანტიკური სივრცისკენ მიდის, მათ ჰგონიათ, რომ ლობისტური ორი პასაჟის გამო „რესპუბოლიკური პარტიის” 130 წევრზე მეტი გააუქმებს იმ ძირითად დოკუმენტს, სადაც ივანიშვილი მოხსენიებულია რუსეთის მოკავშირედ და ქვეყანაში დესტაბილიზაციის ფაქტორად. ადამ კინზინგერი ამას რომ არ ეთანხმებოდეს, მაშინ იტყოდა, რომ ამ ჩანაწერს ემიჯნებოდა. ძალიან ნათლად თქვა, რომ გაძლევთ ფულს, უნდა ვიცოდეთ, რომ მიზნობრივად იხარჯება, არ იპარავთ და დემოკრატიას ხმარდებაო“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.