რომან გოცირიძე - ხელისუფლება საგონებელშია ჩავარდნილი და თავის დაძვრენის მეთოდებზე ფიქრობს
რომან გოცირიძე - ხელისუფლება საგონებელშია ჩავარდნილი და თავის დაძვრენის მეთოდებზე ფიქრობს

ხელისუფლებას მოლაპარაკება არ უნდა, თუმცა საერთაშორისო ზემოქმედების ეშინია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გაუგებარია, რა სურს მმართველ გუნდს.

„არ ვიცით, ხმამაღლა ნამღერი ან ნათქვამი, რა უნდა „ქართულ ოცნებას“. იცით, რა არის რაღაც ჩამკეტი 40 პროცენტი? რა უნდათ, 110/40-ზე, თუ 100/50-ზე. არ უნდათ მოლაპარაკება. ერთადერთი, ეშინიათ საერთაშორისო ზემოქმედების, არიან გამოუვალ მდგომარეობაში და კედელზე მიმწყვდეული. დარჩენილია ერთი კვირა და ჩავარდნილი არიან საგონებელში. ფიქრობენ, კვლავ მოატყუონ ხალხი, თუ შემდეგ ამას მოყვეს მწვავე სანქციები, მათ შორის პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“, – განაცხადა გოცირიძემ.

დეპუტატის შეფასებით, ხელისუფლება თავის დაძვრენის მეთოდებზე ფიქრობს.

„საგონებელში ჩავარდნილი ხალხი თავის დაძვრენის მეთოდებზე ფიქრობს. შემოგვთავაზონ კონკრეტული წინადადება. ჯანდაბას, არ იქნება პროპორციული და მოგვატყუეს? თანახმა ვართ, არსებული სისტემით მივიღოთ მონაწილეობა, თუ იქნება პროპორციულთან მიახლოებული კანონი. არაფერს გვთავაზობენ დღემდე, მიდის დროის გაჭიანურება და მოტყუება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.