რომან გოცირიძე - რუსეთი ეკონომიკურად, სამხედრო თვალსაზრისით და პოლიტიკურად თუ დამარცხდება, მისი იზოლაცია მოხდება, უკრაინამ ისე უნდა გამოფიტოს რუსეთი, რომ მას კუდის გაქნევის საშუალება არ მიეცეს
რომან გოცირიძე - რუსეთი ეკონომიკურად, სამხედრო თვალსაზრისით და პოლიტიკურად თუ დამარცხდება, მისი იზოლაცია მოხდება, უკრაინამ ისე უნდა გამოფიტოს რუსეთი, რომ მას კუდის გაქნევის საშუალება არ მიეცეს

ხელისუფლება რეზოლუციას თუ ჩააგდებს, ბოლოსდაბოლოს გამოჩნდება, ვინ არის და ვინ არ არის მომხრე, რომ რუსეთის ხელისუფლება სამხედრო დამნაშავედ გამოცხადდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა რომან გოცირიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ბოლოსდაბოლოს, ჩვენი ქვეყანა, საზოგადოება და საეთრთაშორისო პარტნიორები გაიგებენ ამას“, – განაცხადა გოცირიძემ.

ამ განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას, რა მიზანი და დატვირთვა აქვს „ლელოს“ ინიციატივას, რომ მომზადდეს რეზოლუციის პროექტი, როცა საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი საჩივრით რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულის გამოძიებას ითხოვენ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა საკმარისი მმართველი გუნდის მხრიდან ყოველდღიურად გაკეთებული პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასებები კიევის ოლქში მდებარე ქალაქებში მომხდარ სისასტიკესთან დაკავშირებით, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის „ქართული ოცნების“ რომელიმე დეპუტატის განცხადება, რომელსაც ავტონომიურად მოქმედების საშუალება არ აქვს, მთავრობის განცხადება და პოზიცია სხვა არის და პარლამენტის რეზოლუციას რეზონანსული წონა აქვს, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო მოხმარებისთვის, რადგან პარლამენტი არის ქვეყანაში ყველაზე დიდი ორგანო.

შეკითხვაზე, არის თუ არა საკმარისი საერთაშორისო ფორმატებში საქართველოს მთავრობის პოზიციონირება, მაგალითად, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერებაზე მხარდაჭერა, იგივე ევროსაბჭოში რუსეთის წარმომადგენლობითი უფლების შეჩერებაზე მხარდაჭერა და ა.შ. გოცირიძემ აღნიშნა, რომ ეს არასერიოზული და სასაცილო არგუმენტებია.

„რუსეთის აგრესია დაგმო გაერო-ში მსოფლიოს 140-მა ქვეყანამ, ეთიოპიამ, სპილოს ძვლის ნაპირმა, თუ სპილოს ძვლის მთამ, ტანზანიამ, თუნდაც, ნაურუმ, თუ ტონგამ და საქართველო ამ 140-ში რომ დაგმობს რუსეთს, თურმე ეს აქტივში იწერება და ამით ამაყობენ. ევროსაბჭოდან რუსეთი გააგდო ყველა სახელმწიფომ და თუ საქართველო მასში ერთ-ერთი იქნებოდა, ეს არის საამაყო? კი, სწორი გადააწყვეტილებაა. ან დღევანდელი გადაწყვეტილება, 24-მა ქვეყანამ რომ დაუჭირა მხარი რუსეთს, წაიკითხეთ, რომელი ქვეყნებია, ბნელი ქვეყანა კორეა და დსთ-ც კი არ არის, სომხეთმაც კი არ დაუჭირა მხარი. სომხეთმა, რომელიც რუსეთთან სამხედრო ალიანსში იმყოფება. 24-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი, დანარჩენმა არ დაუჭირეს და ფაქტობრივად, რუსეთი გააგდეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა ამ კომისიიდან. ამას ითვლის საქართველო თავის დამსახურებად, რომ არ მოიქცა, როგორც ჩრდილოეთ კორეა, კუბა, სირია, ვენესუელა და რუსეთის სამხედრო ალიანსში მყოფი დსთ-ს ქვეყნები, ტაჯიკეთი და რომელიღაც სხვა? ეს არის საქართველოს როლი უკრაინის სოლიდარობის საქმეში? საქართველოს ხელისუფლება სამარცხვინოდ იქცევა“, – განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, საქართველოს ბედი უკრაინაში წყდება.

„რუსეთი ეკონომიკურად, სამხედრო თვალსაზრისით და პოლიტიკურად თუ დამარცხდება, მისი იზოლაცია მოხდება. უკრაინამ ისე უნდა გამოფიტოს რუსეთი, რომ მას კუდის გაქნევის საშუალება არ მიეცეს, თორემ დღეს საქართველოა, ხვალ ყაზახეთი იქნება. არის სანქციები და გაყინული 300 მილიონი ეს არის რუსეთის მიერ წლობით სიმწრით ნაგროვები ფული, რომელიც არ იხარჯებოდა და სიღატაკეში ამყოფებდნენ მოსახლეობის 90%-ს. როდესაც ასეთი მომგუდავი სანქციები მიდის, რუსეთს არ უნდა ეყოს იმის გაბედულება, ძალა და თავხედობა, რომ აქეთ, ჩვენკენ გამოიწიოს და აგერ, მიდიან და ეუბნებიან, მოდით, პურ-მარილით დაგხვდებით საქართველოშიო. მეტი სხვა რა მესიჯია ეს“, – განაცხადა გოცირიძემ.

შეკითხვაზე, რას შეიძლება, ეყრდნობოდეს უკრაინის დაზვერვის მძიმე ბრალდება საქართველოს მიმართ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აღნიშნა, რომ უკრაინის დაზვერვა ასეთ სიტყვებს არ წამოისროდა.

„აბა, დავაკვირდეთ ფრენებს უკრაინის საზღვრის მიღმა. ხელმისაწვდომი ინფორმაციაა, ასე ვთქვათ, ღიად რამდენი ამერიკული, ბრიტანული და სხვა ნატო-ს სადაზვერვო თვითმფრინავი დაფრინავს, რომლებიც აკვირდებიან ფრონტის ხაზს და ისმენენ ყველაფერს, რადგან უკრაინის დაზვერვა ასეთ სიტყვებს არ წამოისროდა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.