რომან გოცირიძე - კენჭისყრაში მონაწილეობას იქამდე არ მივიღებთ, ვიდრე 8 მარტის შეთანხმება სრულად არ შესრულდება
რომან გოცირიძე - კენჭისყრაში მონაწილეობას იქამდე არ მივიღებთ, ვიდრე 8 მარტის შეთანხმება სრულად არ შესრულდება

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ იქამდე არ მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობას, ვიდრე 8 მარტის შეთანხმება სრულად არ შესრულდება.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში არ უნდა იყოს არც ერთი პოლიტიკური პატიმარი. ივანიშვილს მოუწია პოლიტპატიმრების გათავისუფლება ძალიან მძიმე დარტყმების შემდეგ, როდესაც მის პირად ფინანსებს და საგარეო დახმარების შემოსვლას დაემუქრა საფრთხე. დღეს იქნება თუ ხვალ, ივანიშვილი გაათავისუფლებს რურუას, ვინაიდან მას არ აქვს კონსტიტუციის ჩაგდების რესურსი.

სულ რომ კორონავირუსი დაემართოს „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, ივანიშვილი კოსმონავტის სკაფანდრებს იშოვის, შემოიყვანს მათ და პულტზე ხელს დააჭერინებს. ის მიიღებს კონსტიტუციას იმიტომ, რომ ძალიან სერიოზული ზეწოლაა გარედანაც, შიგნითაც და მან ერთხელ უკვე გამოსცადა საკუთარ ტყავზე, რას ნიშნავს ჩათრევა, ნაცვლად იმისა, რომ ჩაყოლოდა.

ჩათრევას ჩაყოლა ჯობია და ამას ივანიშვილი გააკეთებს“,- განაცხადა რომან გოცირიძემ და დასძინა, რომ კენჭისყრაში მაშინ მიიღებენ მონაწილეობას, როცა გიორგი რურუა გათავისუფლდება. „კონსტიტუციის მიღება ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე, ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი კვლავ აპირებს პოლიტიკური დევნის გაგრძელებას, მოსყიდვას, ძალადობას, დაშინებას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და ა.შ.“,- აღნიშნა გოცირიძემ.

საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა გრძელდება. საარჩევნო სისტემაში შესატან ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე დღეს მეორე მოსმენით უყრიან კენჭს.