რომან გოცირიძე - კარგი იქნება, თუ რუსეთის ჰიმნი პრეზიდენტის სასახლესა და მთავრობის კანცელარიაში გაჟღერდება
რომან გოცირიძე - კარგი იქნება, თუ რუსეთის ჰიმნი პრეზიდენტის სასახლესა და მთავრობის კანცელარიაში გაჟღერდება

საქართველოს პარლამენტში რუსეთის ჰიმნის გაჟღერება ძალიან კარგი პერფორმანსი იყო, ეს იყო მხატვრული და მიმზიდველი ფორმით გაკეთებული, რასაც პროპაგანდისტური ეფექტი ჰქონდა, რადგან ინფორმაცია მსოფლიოში გავრცელდა, სააგენტოებმა აიტაცეს და ვინც არ იცოდა, გაიგო, რომ საქართველოს პრორუსული ხელისუფლება ჰყავს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განუცხადა.

მისი თქმით, მმართველ გუნდს პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზში ჰიმნის გაჟღერება გაუკვირდა მაშინ, როცა გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იჯდა.

„გულზე ძალიან მწარედ მოხვდათ, რადგან ხშირ შემთხვევაში, ეს ფორმა უფრო ნათლად ავლენს სათქმელს. ფაქტობრივად, ამ ინფორმაციამ მთელი მსოფლიო მოიარა, რომ დარბაზში რუსეთის ჰიმნი დაუკრეს და ეს ხელისუფლება ქვეყანას რუსეთის ორბიტაზე აბრუნებს. ამიტომაც ეტკინათ. პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა, რომ თურმე, ეს კანონდარღვევა ყოფილა. კანონი სალომე ზურაბიშვილმა მაშინ დაარღვია, როდესაც განაცხადა, რომ მიუხედავად სერგეი ლავროვს „ოკუპირებულის ტერიტორიების შესახებ“ კანონი დარღვეული აქვს, ქვეყანამ მინისტერიალზე ლავროვი კანონდარღვევით უნდა შემოუშვას. კარგი იქნება, თუ რუსეთის ჰიმნი ათონელზე, პრეზიდენტის სასახლესა და მთავრობის კანცელარიაში გაჟღერდება, რითაც მხილებული იქნება ხელისუფლების ყველა შტოს დამოკიდებულება რუსეთის მიმართ. ჰიმნით ბევრად უფრო მეტი ეფექტი მოხდა, ვიდრე ასეულობით გამოსვლებით ამ საკითხზე“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

საქართველოს პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა 18 თებერვალს რუსეთის ჰიმნი ჩართეს. ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც პარლამენტში საბჭოთა ჰიმნის გაჟღერება ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფად და კანონმდებლობის დარღვევად შეაფასა.