რომან გოცირიძე - კარგი იქნება, თუ „ქართული ოცნება“ ახალ ფურცელს გადაშლის და დაივიწყებს იმ უპატივცემულებას, რასაც აშშ-ის ყოფილი ელჩის მიმართ ავლენდა
რომან გოცირიძე - კარგი იქნება, თუ „ქართული ოცნება“ ახალ ფურცელს გადაშლის და დაივიწყებს იმ უპატივცემულებას, რასაც აშშ-ის ყოფილი ელჩის მიმართ ავლენდა

სასიამოვნოა, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი დიპლომატი იქნება. ის ისეთივე მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში, როგორსაც კელი დეგნანი თამაშობდა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ აშშ-ის ახალი ელჩის, რობინ დანიგენის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

გოცირიძის თქმით, როგორიც არ უნდა იყოს საქართველოში აშშ-ის ელჩი, „ქართულ ოცნებას“ ერთი თვის თავზე მასთან კონფლიქტი მოუვა.

რომან გოცირიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნებისთვის“ დემოკრატია, დასავლური ღირებულებები, ქვეყნის ევროპული მისწრაფებები მიუღებელია.

„„ქართული ოცნება“ რუსეთის გზას დაადგა და ამ ისტორიულ მომენტში არის რუსეთის მოკავშირე უკრაინის წინააღმდეგ, გამოკვეთილი აქვს ანტიდასავლური გეზი. ჩვენ ვისმენთ რიტორიკას, რითიც პარლამენტში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საუბრობენ. ასევე, თუ გავიხსნებთ აშშ-ის წინა ელჩთან დაკავშირებულ ინციდენტებს, ეს შემთხვევითი არ იყო, რადგან „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ჩვენი დასავლელი პარტნიორების კურსთან შეუთავსებელია. ამავე დროს, კარგი იქნება, თუ „ქართული ოცნება“ ახალ ფურცელს გადაშლის და დაივიწყებს იმ უპატივცემულებას, შეცდომას თუ დანაშაულს, რასაც ჩადიოდა და აშშ-ის ყოფილი ელჩის მიმართ ავლენდა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.