რომან გოცირიძე კახა კალაძეს პასუხობს - ერთ კაი ჩაისაც დავლევთ, თუკი ასეთ განცხადებას გააკეთებენ, რა მოჰყვება ტრიბუნიდან ჩაის დალევას, კარგად ვიცით
რომან გოცირიძე კახა კალაძეს პასუხობს - ერთ კაი ჩაისაც დავლევთ, თუკი ასეთ განცხადებას გააკეთებენ, რა მოჰყვება ტრიბუნიდან ჩაის დალევას, კარგად ვიცით

ერთ კაი ჩაისაც დავლევთ, თუკი ასეთ განცხადებას გააკეთებენ, – ასე პასუხობს პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

რომან გოცირიძის განცხადებით, ის პარლამენტის შენობასთან მოვიდა, როგორც ბიუროს წევრი, თუმცა სხდომაზე დასწრებას არ აპირებს და აცხადებს, რომ მმართველ გუნდს ბიუროს სხდომას არ ჩაატარებინებს.

„ეს პროცესი არ გაჩერდება. ქუჩაში იქნება, პარლამენტთან, თუ საჭირო გახდა – პარლამენტშიც. პარლამენტის ტრიბუნის გამოყენებას ბევრი ხერხი აქვს. გახსოვთ, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონში“ სოდის მიღების ხერხი როგორ არისო, ზურიკელას რომ ჰკითხეს ქიმიის გაკვეთილზე და ზურიკელამ რომ თქვა, აი, ილარიონი წყალში ხსნის სოდას და ისე სვამსო, ილიკო კიდე პირდაპირ ენაზე იყრის და აი, წყალს დააყოლებსო. აი, ასეთი ხუმრობით უნდა შევახსენო – პარლამენტის ტრიბუნის გამოყენების რამდენიმე მეთოდი არსებობს. ერთი – კანონი გამოგაქვს, მეორე – მოსახლეობას მიმართავ, მაგრამ არსებობს ერთი უნიკალური მეთოდი – მანდ შეიძლება, აიღო და დალიო ჩაი. რა მოჰყვება მერე პარლამენტის ტრიბუნიდან ჩაის დალევას, ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ბოსტონის ჩაის სმას მოყვა ამერიკის სახელმწიფოს შექმნა. აქ ჩაის დალევას მოჰყვა თანამედროვე საქართველოს შექმნა. ერთ კაი ჩაისაც დავლევთ, თუკი ასეთ განცხადებას გააკეთებენ. ესენი არიან უზურპატორები. როდესაც ძალაუფლების უზურპაცია ხდება და ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია არჩევნების გზით, ოპოზიციას უფლება აქვს, მიმართოს ასეთ პიკეტებს. ვერ ჩაატარებენ ბიუროს. მე აქ მოვედი, როგორც ბიუროს წევრი, არა ბიუროზე შესასვლელად, არამედ ბიუროს ჩატარების ხელის შესაშლელად“, –  აღნიშნა რომან გოცირიძემ.

დეპუტატი შსს-ს განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას ყველა საპასუხო ნაბიჯი აქვს.

„ჩვენ გვაქვს ყველა საპასუხო ნაბიჯი, საშინაო თუ საგარეო. მოვლენ? მოვიდნენ. აქ ვართ ჩვენც. წუხელ მთელი ღამე აქ გავათენეთ და ძალიან მხიარულადაც“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველი გუნდი აღარ აპირებს საარჩევნო სისტემაზე ახალი ინიციატივის განხილვას და მოუწოდა ოპონენტებს, მოემზადონ არჩევნებისთვის.