რომან გოცირიძე - ოპოზიციური გაერთიანებიდან ერთი ან ორი პარტიის გასვლა დიდი დანაკლისი არ არის, იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა
რომან გოცირიძე - ოპოზიციური გაერთიანებიდან ერთი ან ორი პარტიის გასვლა დიდი დანაკლისი არ არის, იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის აზრით, მიხეილ სააკაშვილმა განცხადებებში აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ის ძალა, რომელიც ხელახლა აღმშენებლობას დაიწყებს.

მისივე თქმით, ოპოზიციური გაერთიანებიდან „ძალა ერთობაშია“ ერთი ან ორი პარტიის გასვლა დიდი დანაკლისი არ არის. როგორც გოცირიძე ამბობს- „იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა“.

„წავიდა იგი? მოვლენ სხვები და უფრო ძლიერი იქნება „ძალა ერთობაშია“ , – აღნიშნა გოცირიძემ.

დეპუტატის თქმით, დღევანდელ პოლიტიკაში ნათელი და ბნელი მხარე იზომება იმით, მომავალ არჩევნებში კოალიციას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შექმნიან, თუ მას უმრავლესობის ჩამოყალიბებაში დაეხმარებიან.

„მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში ნათქვამი იყო ის, რაც ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ „ძალა ერთობაშია“ არ დაიშლება, პირიქით, გაძლიერდება. „ძალა ერთობაშიას“ ერთი ან ორი პარტიის გასვლა ვერაფერს დააკლებს. თუ მიხეილ სააკაშვილმა თავისი პოზიცია იმ სიტყვებით გამოხატა, მე ვიტყვი შოთა რუსთაველის სიტყვებით – „იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა“, წავიდა იგი? – მოვლენ სხვები და უფრო ძლიერი იქნება „ძალა ერთობაშია“.

ივანიშვილს ზვიად ძიძიგურის სახით ერთი გაცხადებული სატელიტი ჰყავს. თუ ის ერთპროცენტიან ბარიერს გადალახავს, აცხადებს, რომ მასთან ერთად იქნება. ამას „პატრიოტთა ალიანსიც“ კი არ ამბობს, „ქართული ოცნება“ დაღდასმულია და იმიტომ. თუ ვინმე ივანიშვილს უმრავლესობის შექმნაში დაეხმარება, ის იქნება ისტორიის ბნელ მხარეს. პროცესებს დავაკვირდეთ, მომავალში რა იქნება”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ბნელ მხარეს გადავიდა.