რომან გოცირიძე - გუშინდელ შეხვედრაზე არ თქმულა, რომ პროტესტი არ გაგრძელდება, პროტესტის გარდა ამ ხელისუფლებასთან სხვა ენა არ ჭრის
რომან გოცირიძე - გუშინდელ შეხვედრაზე არ თქმულა, რომ პროტესტი არ გაგრძელდება, პროტესტის გარდა ამ ხელისუფლებასთან სხვა ენა არ ჭრის

გუშინდელ შეხვედრაზე არ თქმულა, რომ პროტესტი არ გაგრძელდება, ვინაიდან პროტესტის გარდა ამ ხელისუფლებასთან სხვა ენა არ ჭრის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, რომან გოცირიძემ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების გუშინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

„პროტესტი რომ არა, დღეს ციხეში იქნებოდნენ ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავაც, არც ის საარჩევნო სისტემა იქნებოდა სანახევროდ პროპორციული, მაგრამ მაინც წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც გამოიღო სწორედაც რომ საერთაშორისო ზეწოლამ და ადგილზე პროტესტმა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისი თქმით, გამოყენებული იქნება პროტესტის ყველა ფორმა, რათა ქვეყანას ააცილონ ავტორიტარული რეჟიმისკენ სვლა.

„დღევანდელი პიკეტი გაცილებით უფრო დიდი დისკომფორტის შემქმნელია, ვიდრე ათი ათასი კაცი ქუჩაში, რადგან ეს ადამიანები ძალიან სერიოზულ სირცხვილს განიცდიან, როდესაც თავიანთი ახლობლები, ოჯახი უყურებენ, როგორ შედიან სტვენით, საყვირებით, ძახილით, რომ ისინი არიან ერთი ადამიანის მონამორჩილი დეპუტატები. მე ვიყავი აქ ოთხი წელი და ძალიან კარგად ვიცი, რა უქმნით მათ დისკომფორტს. პატრიოტული ლოზუნგებით რომ უყვართ გამოსვლა, ყანწების ტრიალი და სუფრაზე სამშობლოს სიყვარულის ფიცი, ეს ადამიანები ახლა ტელევიზორში რომ უყურებენ, როგორ შედიან კურდღლებივით ამ პარლამენტში. იმდენად მძიმე მდგომარეობაში არიან, რომ ურჩევნიათ, აქ ასი ათასი კაცი იდგეს ქუჩაში. პროტესტის ყველა ფორმა იქნება გამოყენებული, ასეთი პიკეტები, დიდი აქციები, რეგიონებში გამოსვლა, საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება, ხალხთან მუშაობა, კაბინეტებშიც და ქუჩაშიც, ყველა ფორმა იქნება გამოყენებული, რათა ქვეყანა ავაცილოთ ავტორიტარული რეჟიმისკენ სვლას“, – განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, „ხელისუფლებას ზეწოლის გარდა სხვა ენა არ ესმის“.

„ეს არის გზა, რომელიც არის ქვეყნისთვის უკეთესი, ვინაიდან სწორედ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ზეწოლა. ზეწოლა რომ არ ყოფილიყო, გუშინ ევროკავშირიდან, ნახევარი დახმარება ამ ხუთი მილიარდიდან ევროკავშირიდან შემოვიდა, მათ შორის გრანტები. ეს ფული რომ არ ყოფილიყო, დღეს ჩვენი ფინანსები ჩამოშლილი იქნებოდა, ლარი არ გვექნებოდა, პენსიებს ვერ დაარიგებდნენ. როდესაც რეგიონში სახელმწიფოს ასეთ უმნიშვნელოვანეს დახმარებას უცხადებს ამერიკა და ევროპა პანდემიის პერიოდში, არავინ მისცემს უფლებას ოლიგარქსა და მის დამქაშებს, ქვეყანა თავისი ჭკუით მართონ და არჩევნები მიითვისონ. ამიტომ, ზეწოლის გარეშე სხვა ენა არ ესმის ამ ხელისუფლებას, რა ენაც ესმის, იმ ენით ვლაპარაკობთ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.