რომან გოცირიძე - გრიგოლ ვაშაძემ პარტიაში მოიტანა ბევრი რამ და არ წაუღია არაფერი, მადლობა მას ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის
რომან გოცირიძე - გრიგოლ ვაშაძემ პარტიაში მოიტანა ბევრი რამ და არ წაუღია არაფერი, მადლობა მას ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პარტიიდან გრიგოლ ვაშაძის წასვლა ბევრისთვის მოულოდნელი იყო, ბევრისთვის – არა.

ამის შესახებ ის ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.

„გრიგოლ ვაშაძე რთულ პერიოდში მოვიდა ნაციონალურ მოძრაობაში. შემოიტანა ის, რის დეფიციტსაც მაშინ პარტია განიცდიდა. მისმა გამოცდილებამ და პირადმა თვისებებმა პარტიას შემატა საერთაშორისო იმიჯი და შიდა სტაბილურობა. საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის მიერ ნაჩვენებ ბრწყინვალე შედეგში დიდი იყო გრიგოლ ვაშაძის პირადი წვლილი.

ბატონმა გრიგოლმა პარტიაში მოიტანა ბევრი რამ და არ წაუღია არაფერი. არც ყოფილა ეს მისი მიზანი. კიდევ სამი წელი დადო ქვეყნის დემოკრატიული მშენებლობის საქმეში.

პარტიიდან მისი წასვლა ბევრისთვის მოულოდნელი იყო, ბევრისთვის არა. შეიძლება, ზოგს არ მოეწონა ამ გადაწყვეტილების დრო, ზოგს ფორმა. არ არის ადვილი მიიღო ყველასათვის მოსაწონი გადაწყვეტილება, მით უმეტეს, პოლიტიკაში.

მადლობა ბატონო გრიგოლს ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისათვის“, – წერს რომან გოცირიძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა.

„ვერ შევეგუები, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია, თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს და, რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას“, – განაცხადა ვაშაძემ.