რომან გოცირიძე - გიორგი ქობულიამ თქვა, რომ ფაქტობრივად ვერ მართავდა თავის უწყებას, როგორც მინისტრი
რომან გოცირიძე - გიორგი ქობულიამ თქვა, რომ ფაქტობრივად ვერ მართავდა თავის უწყებას, როგორც მინისტრი

გიორგი ქობულიამ დაადასტურა, რომ არსებობს არაფორმალური მმართველობა, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა პარლამენტის დეპუტატთა ნაწილთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ გადაწყვეტილებებს ვერ იღებდა.

„მან ილაპარაკა იმის თაობაზე, რომ ვერ იღებდა გადაწყვეტილებებს და ფაქტობრივად ვერ მართავდა თავის უწყებას, როგორც მინისტრი. დაადასტურა, რომ არსებობს არაფორმალური მმართველობა. ელემენტარული საკადრო გადაწყვეტილებაც კი თვეების განმავლობაში იწელებოდაო“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, გიორგი ქობულიამ ჩამოთვალა მრავალი ისეთი პროექტი, რომელიც ფერხდებოდა და სადაც იყო კერძო პირების ინტერესები.

„მთლიანობაში მან თქვა, რომ იყო უცხო სხეული და არ დაემორჩილა იმ თამაშის წესებს, რომელიც არის საქართველოს მთავრობაში და თავიდან არ იყო შეთანხმებული მასთან, რომ მის ნაცვლად გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ არაფორმალური ადამიანები“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.