რომან გოცირიძე - გიორგი მარგველაშვილს ყოველთვის აკლია გამბედაობა, როცა საქმე ივანიშვილს ეხება
რომან გოცირიძე - გიორგი მარგველაშვილს ყოველთვის აკლია გამბედაობა, როცა საქმე ივანიშვილს ეხება

ყოფილი პრეზიდენტი არ ნიშნავს, რომ მას არ ჰქონდეს მწარე გამონათქვამების ან გახუმრების უფლება, – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადების კომენტარისას განაცხადა.

მარგველაშვილმა გუშინ, არჩევნებზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, რომ პოლიტიკაში მომავალი უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომელიც სასამართლო დარბაზებში იცავდა მოქალაქეებს და მათ ინტერესებს, როდესაც ისინი ილახებოდა: „თუ ეს არ მოხდება, ჩვენ პოლიტიკაში გვეყოლებიან თოჯინები, რომლებიც არა თავის პოზიციას და აზრს დააფიქსირებენ, არამედ იმას, რასაც მათ უბრძანებენ“,- განაცხადა მარგველაშვილმა.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, მარგველაშვილს გამონათქვამს იმ შემთხვევაში დაუფასებდა, თუ ყოფილი პრეზიდენტი იტყოდა, რომ თოჯინებს ივანიშვილი ათამაშებს.

„თუ თოჯინები ჰყავს, თოჯინები თავისით არ დადიან. ხანდახან არსებობენ მექანიკური თოჯინები, რომელსაც დაქოქავ და დადის, მაგრამ ის დიდხანს არ ძლებს დაქოქვის გარეშე. მას ყოველთვის აკლია გამბედაობა, როცა საქმე ივანიშვილს ეხება. უფრო სწორი იქნებოდა ეთქვა – თოჯინები გვყავს, ოღონდ მარიონეტი თოჯინები, რომლებიც ძაფზე არიან გამობმული და ივანიშვილი ათამაშებს, მართავს – ასე რომ ეთქვა, მაშინ დავუფასებდი ამ გამონათქვამს, ნახევრად სიმართლე თოჯინებთანაც კი გამოჩნდა მისი“, – განაცხადა გოცირიძემ.

დატოვე კომენტარი