რომან გოცირიძე - ფარული მიყურადება და გავრცელება დანაშაულია, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს რომ ერთი ჩანაწერებიც არ გავრცელებულა, ეს არავის ამართლებს
რომან გოცირიძე - ფარული მიყურადება და გავრცელება დანაშაულია, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს რომ ერთი ჩანაწერებიც არ გავრცელებულა, ეს არავის ამართლებს

ფარული მიყურადება, ჩაწერაც და მისი გავრცელებაც დანაშაულია და ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ერთი შემთხვევაც არ ყოფილა ჩანაწერების გავრცელების, ეს არავის ამართლებს, მაგრამ „ქართული ოცნების“ მმართველობის ცხრა განმავლობაში უარესებს სჩადიან, საკუთარი გუნდის წევრებს საწოლში უღებდნენ, სასულიერო პირებს უსმენენ და მედია საშუალებებს ტოტალურად დევნიან, ესეც ამ ხელისუფლების დანაშაულის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმაა და ამაზე პასუხს აგებენ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განუცხადა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

გოცირიძის თქმით, როცა ხელისუფლების აღვირახსნილი და წარმოუდგენელი ქმედება მართლდება იმით, რომ იმ დროს იღებდნენ, ამის შემდეგ ცხრა წელი გავიდა და ის დანაშაული ამ დანაშაულს ვერ გაამართლებს.

„შევარდნაძემ ერთი ჟურნალისტის, გაზეთის რედაქტორის ნოდარ გრიგალაშვილის მოსმენისთვის სუს-ის მაშინდელი უფროსი შოთა კვირაია პოსტიდან გადააყენა. მან განაცხადა, რომ დედამიწაზე სატელეფონო მოსმენებზე უზნეო არაფერი არისო. არ ვიცი, რამდენად გულწრფელი იყო, მაგრამ მაშინ, ზნეობრივი ნაბიჯი შევარდნაძემაც კი გადადგა. ეს დეპუტატები არიან ყურმოჭრილი ცხვრები, უღებენ, უთვალთვალებენ და ერთი საპროტესტო ხმა არ ამოუღიათ“, – განაცხადა გოცირიძემ.

კითხვაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროსაც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მათი გუნდის წევრებს უღებდნენ და მაშინდელი დეპუტატებიც იყვნენ თუ არა ცხვრები, რომლებიც ხმას არ იღებდნენ და ამას არ აპროტესტებდნენ, გოცირიძე პასუხობს, რომ „სამწუხაროდ, უღებდნენ თუ არა, ეს გამოვლინდა მერე და არავინ იცის, იმ ადამიანებს რა რეაქცია ექნებოდათ, რომ სცოდნოდათ, რომ უღებდნენ, დღეს კი, ყველამ იცის, რომ ყველა დეპუტატს უღებენ და უთვალთვალებენ, მათ კი სანაცვლოდ პროტესტი არ გააჩნიათ“.