რომან გოცირიძე - ეს იყო წყალ-წყალა, შინაარსს მოკლებული გამოსვლა, ისე ილაპარაკა, თითქოს ქვეყნის პრეზიდენტი კი არა, უცხო პლანეტიდან ჩამოსულია
რომან გოცირიძე - ეს იყო წყალ-წყალა, შინაარსს მოკლებული გამოსვლა, ისე ილაპარაკა, თითქოს ქვეყნის პრეზიდენტი კი არა, უცხო პლანეტიდან ჩამოსულია

ეს იყო წყალ-წყალა, შინაარსს მოკლებული გამოსვლა, ისე ილაპარაკა, თითქოს ქვეყნის პრეზიდენტი კი არა, უცხო პლანეტიდან ჩამოსულია, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პრეზიდენტის წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

გოცირიძე მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის წინაშე მდგარ არც ერთ სერიოზულ პრობლემაზე არ უსაუბრია.

„ეს იყო წყალ-წყალა გამოსვლა, მოკლებული იყო რაიმე შინაარსს. ილაპარაკა ფეხბურთზე, ღვინოზე. ისე ილაპარაკა, თითქოს ქვეყნის პრეზიდენტი კი არ არის, არამედ რაღაც უცხო პლანეტიდან ჩამოსული. მას არ უსაუბრია არც ერთ სერიოზულ პრობლემაზე, რაც დგას ქვეყანაში – პოლიტიკური კრიზისი, არაფორმალური მმართველობა, მის მიერ გაერო-ს მაღალი ტრიბუნიდან მოტყუებული ამომრჩეველი. რა როლი აქვს? მას არ დაუსვამს არავითარი მწვავე საკითხი რუსეთთან მიმართებაში. დილით ვთქვი, რომ რუსეთს არ ახსენებს-მეთქი და, როგორც ჩანს, უთხრეს და თქვა, რუსეთს აქვს ოკუპირებული ტერიტორიებიო. რუსეთს საქართველოს ტერიტორია ოკუპირებული რომ აქვს, ეს ყველა საერთაშორისო დოკუმენტშია ნათქვამი. ეს სიტყვა სტამბულის სამიტზეც კი მოხსენიებულია. რუსეთი რომ ოკუპაციას აგრძელებს, ეს თურმე სიახლეა. ამას თავად რუსები ამბობენ. კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართველი ხალხის პრეზიდენტი არ არის, ის არის ერთი ადამიანის პრეზიდენტი, რომელიც პირად დავალებებს ასრულებს“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

გოცირიძის თქმით, სამწუხაროდ, ქვეყანას პრეზიდენტი არ ჰყავს.

„ოპოზიციის ცარიელ სკამზე რომ ისაუბრა, მისი დამსახურებაც არის, რომ გაერო-ს ტრიბუნიდან მოიტყუა, რომ საქართველო გადადის პროპორციულ სისტემაზე. ნიანგის ცრემლებს ღვრის, რომ ოპოზიცია არ ზის დარბაზში. დიახ, ოპოზიციამ ზურგი შეაქცია“,- აღნიშნა რომან გოცირიძემ.