რომან გოცირიძე - ერთ მშვენიერ დღეს, პარლამენტის შენობას ხალხი მოადგება და დაიძახებს - კაა [ვიდეო]

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, პარლამენტის დღევანდელმა სხდომამ საზოგადოება კიდევ ერთხელ დაარწმუნა იმაში, რომ ხელისუფლება მდგომარეობის სიმძიმეს ვერ აცნობიერებს.

ჟურნალისტებთან საუბარში გოცირიძე პარლამენტის მიერ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას გამოეხმაურა.

„ხელისუფლება ვერ აცნობიერებს იმას, რომ მათი საფირმო ნიშანი უსამართლობა, ძალადობა და სიღარიბე გახდა. ამიტომ, ერთ მშვენიერ დღეს, ამ შენობას ხალხი მოადგება და დაიძახებს  – კაა“, – დასძინა გოცირიძემ.

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა. კანონმდებლებმა შესაბამის დადგენილებას და კომისიის შემადგენლობას კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს. კომისიის შექმნას მხარი 95 დეპუტატმა დაუჭირა, ერთი წინააღმდეგი იყო. პარლამენტის გადაწყვეტილებით, კომისია 17 წევრისგან შედგება, სადაც ცხრა წარმომადგენელი „ევროპული საქართველოდანაა“, ექვსი – „ქართული ოცნებიდან“, ერთი  – „პატრიოტთა ალიანსიდან“. ასევე, კომისიაში წარმოდგენილი იქნება დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი, „ნაციონალურმა მოძრაობამ” კი, კომისიაში გაწევრიანებაზე უარი თქვა.