რომან გოცირიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს
რომან გოცირიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს

კობა გვენეტაძემ ყოველგვარი მორალური უფლება დაკარგა, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი იყოს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გვენეტაძეს საზოგადოების ნდობა არ აქვს და მსგავსი შეხვედრები საქართველოს ფინანსურ სისტემას სერიოზულ ზიანს აყენებს.

„კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საქართველოში ყველ სახელმწიფო უწყება ერთი ადამიანის მიერ შუშის სასახლიდან იმართება. დღეს მან ფაქტობრივად პარლამენტს ამ უმნიშვნელოვანესი თემის განხილვა აუკრძალა. პარლამენტი საპარლამენტო უმრავლესობის სახით ფაქტობრივად იშლება. სამწუხაროა, რომ ეროვნული ბანკი დაიშალა. ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტი დღეს ივანიშვილის მძევალი და ამ გარემოებათა ტყვეა. ყოველგვარი მორალური უფლება დაკარგა, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი იყოს. საზოგადოების წინაშე ნდობა არ აქვს და მისი ყოველი დღე და მსგავსი შეხვედრები საქართველოს ფინანსურ სისტემას სერიოზულ ზიანს აყენებს. დღეს მომხდარი ამბის შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა გადადგეს. ეს ყველასთვის კარგი გაკვეთილი იქნება.

რაც შეეხება პროკურატურას, ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეროვნულ ბანკსა და პარლამენტს, ეს სტრუქტურები დღეს არ არსებობს, ერთი ადამიანის ნებას ემორჩილება. საქართველო უკანონობისა და არაფორმალური მმართველის წესების შესაბამისად იმართება. დღეს მომხდარი ფაქტი ცდება უკვე „თიბისი ბანკისა“ და ფინანსური სფეროს საკითხებს. დღეს ჩვენ დავინახეთ, რომ ქვეყანაში ხელისუფლება არ არსებობს. ხელისუფლება ჩამოშლილია და დამოკიდებულია ერთი ადამიანის პირად ნებაზე, რომელიც ყველას ბედს განსაზღვრავს. მათ შორის ისეთი დიდი ბანკის, როგორიც „თიბისია“. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ნურავის შეეპარება ეჭვი, რომ ივანიშვილის მიზანი თუ ეს იყო, მიღწეულია. ანაკლიის პროექტს დიდი ხნის განმავლობაში დიდი კითხვის ნიშანი დაესვა. ანაკლიის პროექტი ამ უპასუხისმგებლო ადამიანებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს და ეს სიგნალი, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს მიუვათ, აღქმული იქნება უკიდურესად ნეგატიურად“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.